საფრანგეთის მთავრობა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში (ფრანგ. Notre Dame de Paris), ანუ ნოტრ-დამში შესასვლელად ტურისტებისთვის გადასახადს აწესებს.
ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
კერძოდ, საფრანგეთის კულტურის მინისტრი, რაშიდა დატი აცხადებს, რომ სტუმრები ტაძარში შესასვლელად 5 ევროს გადაიხდიან, რითიც მთავრობა ქვეყნის სხვა დანგრეული რელიგიური შენობების მხარდასაჭერად და აღსადგენად წელიწადში 75 მლნ ევროს მიზიდვას შეძლებს.
გადასახადი მაშინვე ამოქმედდება, როგორც კი ნოტრ-დამი მასშტაბური რეკონტრუქციის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. ტაძარი ხუთი წლის წინანდელი ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
2019 წელს გაჩენილ ხანძრამდე ტურისტები ღვთისმშობლის ტაძარში უფასოდ შედიოდნენ, თუმცა მისი კოშკებიდან პარიზის პანორამული ხედებისთვის და ტაძრის კედლებზე ცნობილი გარგოლების (ფრანგ. gargouille) ახლოს სანახავად 8,50 ევრო უნდა გადაეხადათ. ტაძარი წელიწადში, დაახლოებით, 13 მლნ ადამიანს იზიდავდა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ის 8 დეკემბერს უნდა გაიხსნას, თუმცა მისი სრული რესტავრაცია 2026 წლამდე არ დასრულდება.
ცნობისთვის: ნოტრ-დამში ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს, საღამოს საათებში გაჩნდა და 15 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ხანძრის სრული ლიკვიდაცია მხოლოდ მეორე დილით გახდა შესაძლებელი. ნაგებობის შპილი და სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, დაზიანდა საკათედრო ტაძრის ინტერიერი. თუმცა ფასადი და ორი სამრეკლო გადარჩა. ნოტრ-დამის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნაგებობის გამაგრების სამუშაოები, რომ ის რესტავრაციის სპეციალისტებისთვის უსაფრთხო ყოფილიყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ