„რაიმე კონკრეტული ქმედება, რომ საქართველოს ხელისუფლება დახმარებოდა აფხაზეთს ქსელების მოწყობაში, არ განხორციელებულა“

რაიმე კონკრეტული ქმედება, რომ საქართველოს ხელისუფლება დახმარებოდა აფხაზეთს ელექტროენერგიის ქსელების მოწყობაში, ამ წლების განმავლობაში არ განხორციელებულა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის 1997 წელს სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60% ქართულ მხარეს, 40% კი აფხაზურს უნდა მიეღო.

წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში ეს თანაფარდობა მუდმივად ირღვეოდა და აფხაზებს ელ.ენერგიის 50%-ზე მეტი მიჰქონდათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო დანაკარგები, რომელიც გაუმართავები ქსელების გამო საკმაოდ მაღალია აფხაზეთში.

მოგვარდა თუ არა დაზიანებული ქსელების პრობლემა, როდესაც მის მოგვარებაში აფხაზებმა წლების წინ დახმარება ენერგეტიკის მაშინდელ მინისტრს, კახა კალაძეს სთხოვეს, ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, რაიმე კონკრეტული ქმედება საქართველოს მხრიდან ამ საკითხს არ მოჰყოლია.

„აფხაზეთის მხრიდან დენის მოხმარება, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. დაახლოებით რომ გითხრათ, დღევანდელი მონაცემებით, ეს არის 5 მლნ კილოვატი დღეში, მაშინ, როდესაც 2022-ში იგივე დღიური მოხმარება 6-7 მლნ კილოვატი იყო დღეში. ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს და ერთ-ერთია ის, რომ აფხაზეთმა თავისი ძალებით დაიწყო თავისი ქსელის რეკონსტრუქცია, გამრიცხველიანება და ა.შ. მან ასევე მოახერხა და მაინინგები რაღაცნაირად ჩარჩოში მოაქცია და შედეგად მოხმარება შემცირდა.

რაც შეეხება ქსელებს, ის ისეთივე მოუწესრიგებელია, როგორც შარშან ან წლების წინ იყო. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამ წლების განმავლობაში, რაიმე კონკრეტული ქმედება, რომ საქართველოს ხელისუფლება დახმარებოდა აფხაზეთს ქსელების მოწყობაში, არ განხორციელებულა“, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

ეკა დარჩიაშვილი