"ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, სუბსიდირების შესახებ მთავრობა იმსჯელებს"

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, სუბსიდირების შესახებ მთავრობა ერთობლივად იმსჯელებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მოხდება თუ არა ბიუჯეტიდან სუბსიდირება.  რაც შეეხება, თბოელექტროსადგურების მოთხოვნას, რომლითაც მათ სემეკს უკვე მიმართეს და ტარიფის გადახედვა მოითხოვეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

"ტარიფს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ თბოელექტროსადგურებს აქვთ განაცხადი გაკეთებული. ამ მიმართულებით სემეკი მუშაობს. მე ადრეც გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა, ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვნახოთ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა. ამას გარკვეული დრო სჭირდება და ალბათ უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, მოხდება თუ არა სუბსიდირება, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, შეიკრიბება მთავრობა და იმსჯელებს. "იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის დათვლის შედეგად გარდაუვალი იქნება ტარიფის გაზრდა, მაშინ მთავრობა შეიკრიბება. ეს მარტო ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება ვერ იქნება და არ უნდა იყოს, მთავრობა ერთად შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა კალაძემ.