„ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული სავალუტო რეზერვებიდან“ - გიორგი ქადაგიძე

„ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული სავალუტო რეზერვებიდან“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა პარტნიორებმა საქართველოში დახმარების პროგრამები შეაჩერეს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მხოლოდ და მხოლოდ მცირდება.

„როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, წლის განმავლობაში დაახლოებით $600 მილიონი გავყიდეთ რეზერვებიდან იმისთვის, რომ დრო მიგვეცა მათთვის ხელისუფლება გადაებარებინათ და შესულიყვნენ საქმის კურსში. იმიტომ, რომ ეს იყო ხალხი, ვინც მანამდე ხელისუფლებაში არ ყოფილა. თუმცა, მე მათ ვუთხარი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომ ეს ვეღარ გამეორდებოდა და ეს იყო ერთჯერადი ეფექტი მხოლოდ და მხოლოდ.

შემდეგ უკვე, როცა ლარი უფასურდებოდა, მე მაბრალებდნენ ამას, რადგან არ ვყიდდით დოლარს.დღევანდელი სიტუაცია არის განსხვავებული. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორ დაინიშნა ქალბატონი თურნავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად. სწორედ ამის გამო გვაქვს შეჩერებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც სწორედ იმ შემთხვევისთვის იყო საჭირო, როცა ფული დაგვჭირდებოდა.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ არ არის გამჭვირვალე, რამდენია გაყიდული. ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული სავალუტო რეზერვებიდან. სავალუტო რეზერვები დიდი მოცულობით ქვემოთ მოდის და არ ივსება, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეაჩერეს პროექტები. ეს პირდაპირ ნაღდი ფულის შემოდინება იყო ქვეყანაში“,- აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ნათია ზარიძე