ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ირანის რეჟიმის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაცია „მონანიების დღეები“ სარაკეტო დარტყმების სამი ტალღის განხორციელების შემდეგ დასრულდა.

„საპასუხო დარტყმა განხორციელდა და მისია შესრულდა. ჩვენი თვითმფრინავები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, - აღნიშნავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ირანის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამიზნე თეირანის, ხუზისტანისა და ილამის პროვინციებში მდებარე სამხედრო ობიექტები იყო. ასევე, მათი ცნობით, ირანის საჰაერო თავდაცვამ იერიშები წარმატებით მოიგერია, მაგრამ ზოგიერთი ობიექტი დაზიანდა.