„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია“ - ირაკლი კობახიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ტყუილია - შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტივობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში განვაგრძობთ ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, მმართველი გუნდი იქნება პირველი, ვინც ამაზე რეაგირებას განახორციელებს.

„ჩვენ ვაკვირდებით მათ განცხადებებს, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე მათთან დაკავშირებული NGO-ების განცხადებებს, როგორიცაა ISFED და ა.შ. და ჩვენ ვსწავლობთ შესაბამის ფაქტებს. მაგალითად, ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, დაფიქსირდა მოსყიდვის 3 ფაქტი. ჩვენ ჩავეძიეთ სამივე ფაქტს და სამივე შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ტყუილი. საჭიროების შემთხვევაში ჩემი კოლეგები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, იქნება. მათ გაუჭირდებათ იმ დონეზე მანიპულაციების განხორციელება, რაც გააკეთეს 2020 წელს, როდესაც "პივიტი" გააყალბეს, თუმცა მუდმივად იქნება მცდელობა, რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენონ არჩევნების ლეგიტიმაციას, თუმცა ხალხში მათი რეპუტაცია არის რეალურად განულებული, შესაბამისად, მათ ყალბი ინფორმაცია ამ შემთხვევაში ვერავითარი ფასი ვეღარ ექნება.

თუმცა ჩვენ ყველა შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თუ მათი NGO-ები და ა.შ., ნებისმიერ მათ განცხადებაზე გვექნება რეაგირება. ყველაფერს ვნახავთ, შევისწავლით. თუ სადმე დაფიქსირდება დარღვევა, რა თქმა უნდა, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას განახორციელებს. ასევე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, რომ ჰქონდეთ რეაგირება იმ დარღვევებზე, რაც ხორციელდება ჩვენი ამომრჩევლების მიმართ და ჩვენი პარტიის წევრების მიმართ, როდესაც ხდება მათ შორის განსაკუთრებით, ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა. ერთ-ერთ ფაქტი იყო, როდესაც მათი კუთვნილი ტელევიზიის ჟურნალისტმა ჩვენს მხარდამჭერს სიები წაართვა, სადაც არც პირადი ნომრები იყო მითითებული, არც ფოტოსურათები, იყო უბრალოდ კარდაკარიდან გამომდინარე შედგენილი სია. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი.

როდესაც ჟურნალისტად წოდებული ადამიანი ამას კადრულობს ასეთ რამეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს. ნუ შეუშლიან ამომრჩეველთა მობილიზაციას ხელს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შეიძლება მათ აღიზიანებდეთ მაღალი აქტიურობა, მაგრამ ეს გაღიზიანება უნდა დაიტოვონ თავისთვის. ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ზრუნვას. ხელის შეშლა ყველაფრისთვის არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით იმედია რომ ყველას ექნება რეაგირება,“ - განაცხადა კობახიძემ.