Washington Post: არჩევნები განსაზღვრავს, დაუბრუნდება საქართველო EU-ში გაწევრიანების გზას, თუ აიღებს კურსს ავტორიტარიზმისკენ

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან განსაზღვრავს, დაუბრუნდება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ აიღებს ავტორიტარიზმისკენ კურსს და გადავა რუსულ ორბიტაზე - ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

„საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა - ჩრდილოვანმა მილიარდერმა, რომელმაც დააფუძნა „ქართული ოცნება“ და თავისი ქონება რუსეთში დააგროვა - დადო პირობა, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს“, - წერს Washington Post-ი.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გადამწყვეტი კენჭისყრა იქნება.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ქვეყნის კონსტიტუცია კი ავალდებულებს მის პოლიტიკურ ლიდერებს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესი განაგრძონ.

„ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინადადება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ივნისში მმართველმა პარტიამ „რუსული კანონი“ მიიღო, რომელიც არღვევს სიტყვის თავისუფლების უფლებას. ბევრი ქართველი შიშობს, რომ მმართველი პარტია ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ მიათრევს“, - აღნიშნულია სტატიაში.

დასასრულს ვკითხულობთ, რომ კენჭისყრაზე ქართველები 18 პარტიიდან 150 დეპუტატს აირჩევენ. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს 76 მანდატს ოთხი წლის ვადით მთავრობის ფორმირებისთვის, პრეზიდენტი კოალიციის შესაქმნელად ყველაზე დიდ პარტიას მოიწვევს.

Photo: Getty

მერი ტაბატაძე