წინასწარი შედეგების მიხედვით, „საქართველოს ყველაზე ძლიერმა ადამიანმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები“ - ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს CNN და აღნიშნავს, რომ შედეგების აღიარებაზე, „გაყალბების“ ბრალდებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს.
გამოცემა წერს, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიცია და უცხოელი დიპლომატები ამ არჩევნებს მიიჩნევენ, როგორც წყალგამყოფ მომენტს, რომელიც გადაწყვეტს, დაუახლოვდება საქართველო დასავლეთს, თუ უკრაინის ომის ფონზე უკან, რუსეთისკენ დაიხევს.
„თუ დადასტურდება არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს დარტყმა იქნება ქართველებისთვის, რომელთაც კენჭისყრის შედეგად ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის იმედი აქვთ“, - აღნიშნულია CNN-ის სტატიაში.
ამასთანავე, სტატიის ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთსა და ე.წ „გლობალური ომის პარტიას“ საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევაში ადანაშაულებს, თუმცა, ამის პარალელურად ამტკიცებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა.
„თუ ივანიშვილის პარტიის გამარჯვება დადასტურდება, ეს იქნება დარტყმა ევროკავშირის იმედზე, მეტ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა შეიყვანოს თავის ორბიტაზე. მოლდოვამ 20 ოქტომბერს ძალიან მცირე უმრავლესობით მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებას“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი და „ტელეგრამში“ დაწერა: „ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“. CNN-ი სტატიაში აღნიშნულსაც ეხმიანება და აღნიშნავს: „რუსეთმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურდა ქართული ოცნების გამარჯვება, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებდა ქართულ პოლიტიკაში არასათანადო ჩარევაში“.
Photo: Irakli Gedenidze/Reuters