„ქართულ ოცნებას“ სჭირდება სტრატეგია, მან საქართველო BRICS-ში უნდა შეიყვანოს - იქნება ახალი ვალუტა და კუპიურა - ალექსანდრ დუგინი

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი „ტელეგრამში“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება სტრატეგია, მან საქართველო BRICS-ში უნდა შეიყვანოს, სადაც იქნება ახალი ვალუტა და კუპიურა.

"საქართველოში ხელისუფლებაში კვლავ სუვერენისტები მოდიან. ისინი არც პრორუსები არიან და არც დასავლეთისკენ მიდიან. სწორედ ესაა ნაციონალიზმის სწორი გაგება - შეინარჩუნო სამშობლო, დამოუკიდებლობა და არავის მოუხარო ქედი.

„ქართულ ოცნებასთან“ ჩვენთვის მარტივი არ იქნება, მაგრამ სათავეში სოროსის მარიონეტები და ექსტრემისტები რომ მოსულიყვნენ, ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა. თუმცა, ყველაზე ცუდად საქმე იქნებოდა ქართველებისთვის.

სხვა საკითხია, რომ ოპოზიციამ იმაზე მაღალი შედეგი მიიღო, ვიდრე სუვერენისტები ფიქრობდნენ და აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში არ იქნება. მაგრამ უბრალო უმრავლესობაც არ არის ცუდი.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს სტრატეგია. ჯერჯერობით ისინი ლავირებენ საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ ეს რესურსი უსასრულო არაა. შეიძლება ვცადოთ და საქართველო კვლავ დიდებული გავხადოთ, მაგრამ ამჯერად ტრადიციულ საფუძველზე. და შევიდეთ ბრიქს-ში, სადაც მალე იქნება ახალი ვალუტა მკაფიო და მიმზიდველი კუპიურით.

მანამდე კი უნდა მოხდეს გამარჯვების საბოლოო დადასტურება და არაპოპულარულ, ქართველოფობ პრეზიდენტთან გამომშვიდობება. დროა, ის სახლში, პარიზში დაბრუნდეს“ - წერს დუგინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგები ამ დროისთვის ასეთია:

  • „ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.94%;
  • „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12%;
  • „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.78%;
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 7.76%;
  • „ქართული ოცნება“ – 54.8%.

იხილეთ ასევე: რა არის BRICS და როგორია მისი ეკონომიკური რესურსი

ეკა დარჩიაშვილი