ზემო იმერეთის ტურისტული პოტენციალი

მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი მომსახურების სფეროს უკავია. მომსახურების სფეროდან კი ერთი გამორჩეული დარგი ტურიზმი გახლავთ, რომელსაც ბევრი ქვეყნის მატერიალურ-ფინანსური სიძლიერის განსაზღვრა შეუძლია. იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც მილიონიანი ტურისტული ვიზიტები აქვს, გრანდიოზული შემოსავლები აქვთ. გაერთიანებულ სამეფოს ყოველწლიურად, დაახლოებით 30 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს და სოლიდურ თანხასაც ტოვებს სახელმწიფოში. საგულისხმოა, რომ ამ სახელმწიფოს მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია...

როგორია საქართველოს ბოლო პერიოდის სტატისტიკა ტურიზმის თვალსაზრისით? ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014 წელს 5 493 492 მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მონაცემს 1,3%-ით აღემატება. საქართველოში უმეტესად, მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან ვიზიტორები, თუმცა, გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადებიც. მათ უმეტესობას მთიანი რეგიონები აინტერესებთ. სამწუხაროდ, ინფორმაციის სიმცირის გამო, ტურისტების ყურადღების მიღმა რჩება ძალიან საინტერესო ბუნებრივ-ეთნოგრაფიული ძეგლები, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ზემო იმერეთშია.

მდინარე ყვირილას ხეობა უხსოვარი დროიდან სტრატეგიული დანიშნულების იყო.

ჯერ კიდევ ფარნავაზის დროს ყვირილა-ძირულის შესართავში აგებული შორაპნის ციხე თავისი ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ტურისტულ მარშრუტში, ფაქტობრივად, არ შედის. იქ უცხოელ კი არა, ქართველ ტურისტებსაც იშვიათად ნახავთ. რაც შეეხება ზემოთ ხსენებული ხეობის უნიკალურ ლანდშაფტებს, მცირე ტაძრებსა და ციხესიმაგრეებს, მათ საერთოდ არ ექცევა ყურადღება.

დასანანია, რომ მნახველი არ ჰყავს მდინარე ყვირილას ხეობაში არსებულ ადრეფეოდალურ თუ გვიანდელი შუა საუკუნეების ეთნოგრაფიულ ძეგლებს (არადა, იაკობ გოგებაშვილის მოსაზრებით, ჭიათურის მისადგომებთან ორი საგანმანათლებლო კერა იყო: თირისა და მღვიმევის მონასტრები. მღვიმევის ყველაზე ადრინდელი ეკლესია, სავარაუდოდ, VI საუკუნისაა და აფრიკელი მამების მიერ უნდა იყოს აგებული. XIII საუკუნის რაჭის ერისთავთა მიერ აგებული ტაძარიც აქვეა, რამდენიმე მეტრში, ისევე, როგორც ბუნებრივ ქვაბულში არსებული მესამე სალოცავი.

შედარებით მეტადაა ვიზიტორებით დატვირთული კაცხის ტერიტორია.

საინტერესოა თავად ამ ადგილის სახელწოდება: "კაცხი" სვანურიდან მომდინარე სიტყვა უნდა იყოს და წვეროს ნიშნავს (ეს სახელი მას კაცხის ცნობილი სვეტის გამო ეწოდა ალბათ). 40 მეტრის სიმაღლის დენუდაციური "მოწმე" აოცებს მნახველს თავისი გრანდიოზულობითა და წარსულით. ამ სვეტთან წარმართულ პერიოდში უნდა ყოფილიყო სამსხვერპლო ბომონი, თავად სვეტზე ორი უდუღაბოდ ნაგები მცირე ტაძარი ბოლო პერიოდში აღადგინეს, მიმდებარე ტერიტორიასახ მოუარეს, თუმცა ამ შესანიშნავ ტურისტულ ობიექტს ბიუჯეტში მოგება არ შემოაქვს. თუნდაც მიზერული სახდელი, რომელსაც გიდის მომსახურებაში ადამიანი გადაიხდიდა, კაცხის სვეტის მიდამოების დასუფთავება-მოწესრიგებას მაინც ეყოფოდა და დამთვალიერებელიც მოგებული დარჩებოდა, რადგან ის, გარდა სვეტის ნახვისა, იმ განსაკუთრებულ ისტორიას გაეცნობოდა, რომელიც სვეტთანაა დაკავშირებული.

სვეტთან ახლოს მდებარეობს კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძარი, რომელსაც შარშან 1000 წელი შეუსრულდა და თვით სვეტიცხოველზე უხნესია 15 წლით. ტურისტული ჯგუფები ხშირად მასაც გვერდს უვლიან, რადგან მხოლოდ რელიგიურ ნაგებობად მიიჩნევენ. ამ ტაძრის შიდა კედელზე მასშტაბური ბარელიეფია, ამაღლების უნიკალური გამოსახულებით. თანაც ტაძრის ინტერიერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მას მნახველი ვერ ივიწყებს (გარე პერანგის ამოშენების შემდეგ ამ ტაძარმა სიმაღლის ის ეფექტიც დაკარგა, რომლითაც თავდაპირველად გამოირჩეოდა).

იხილეთ სრულად