საფრანგეთში შესაძლოა, 0,5 ლიტრზე ნაკლები პლასტმასის ბოთლები აიკრძალოს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
როგორც წესი, ასეთ მინი ბოთლებში მინერალური წყალი იყიდება. კანონპროექტი განსახილველად ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატას გადაეცა.
ინიციატივის ავტორების მონაცემებით, ამჟამად საფრანგეთში წყალი 0,33-იან, 0,25-იან და 0,17-ლიტრიან ბოთლებშიც იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 3-4 ყლუპ წყალზე 20-25 გრამი პლასტმასი მოდის.
საფრანგეთში ყოველწლიურად 13 მილიარდი პლასტმასის ბოთლი იწარმოება. ამასთან, გარემოსდაცვითი ასოციაციების, Zero Waste France-ისა და No Plastic in My Sea-ს გამოკითხვებით, ფრანგების ორი-მესამედი მზად არის, პლასტმასის მინი-ბოთლებს დაემშვიდობოს.
კანონპროექტი საფრანგეთის გეგმის ნაწილია, რომ 2040 წლისთვის ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვა მნიშვნელოვნად შეამციროს.
ასეთი ინიციატივები, ასევე, პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლის საერთოევროპული სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის ევროკავშირში ყველა პლასტმასის შეფუთვა ან გადამუშავდება ან მრავალჯერადად გამოიყენება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ