„არ ვაღიარებ ამ არჩევნებს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბება მოხდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის უფლება წაართვეს.
„ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს - ეს იყო არჩევნების ტოტალური გაყალბება, წართმევა ხმების, არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში. ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მსხვერპლი, რეალურად, რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხსა და ქვეყანაზე.
ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევანის უფლება - ჩატარდა რუსული არჩევნები. წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი, იმიტომ რომ ამ არჩევნების შემდეგ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, თუ არაფერი შეიცვალა, როგორი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში.
არჩევანის უფლება წაართვეს ჩვენს ემიგრანტებს და დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება იმით, რომ არ გაიხსნა უბნები და არამხოლოდ ეს.
მე მინდა დღეს ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის შემოსვლის და საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.