საქართველოში ნავთობის წარმოება იზრდება - სად გადის პროდუქტი

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება იზრდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში 39.7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იწარმოვა, რაც 10%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 8 თვეში, საქართველოში წარმოებული პროდუქტის მოცულობამ 36 ათასი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • 2022 წლის იანვარ-აგვისტოში - 24.6 ათასი ტონა
  • 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 24.7 ათასი ტონა
  • 2020 წლის 8 თვეში - 23.7 ათასი ტონა
  • 2019 წლის 8 თვეში - 20.1 ათასი ტონა
  • 2018 წლის იანვარ-აგვისტოში - 14.8 ტონა

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპოვებასთან ერთად იზრდება ქართული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 31 747 ტონა 14.786 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 24 559 ტონა, 12.275 მლნ აშშ დოლარის.

საქსტატის მიხედვით, წელს ყველაზე მეტი ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

უფრო კონკრეტულად, ტოპ-5 ექსპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  • საბერძნეთი - 13 571 ტონა (4.744 მლნ აშშ დოლარი)
  • შვეიცარია - 10 741 ტონა (5.483 მლნ აშშ დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3 032 ტონა (1.578 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 2 994 ტონა (1.414 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 1 036 ტონა (958.2 ათასი აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური