რუსთავში ახალი საწარმო გაიხსნა

საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, რუსთავის გზატკეცილზე თანამედროვე, იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი საწარმო "პანექსი" აშენდა, რომელმაც მშენებლობისთვის საჭირო ე.წ.სენდვიჩ პანელების პროდუქცია უნდა აწარმოოს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან ახლად აშენებული საწარმო დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გააიაფებს ინდუსტრიული მშენებლობების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სამშენებელო სექტორის განვითარებას.

"ასეთი სამშენებლო მასალის წარმოება მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს სამშენებლო სექტორს. ჩვენს მშენებლებს არ მოუწევთ უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა. "პანექსის" პროდუქცია ასევე გავა ექსპორტზე ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში",- აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობას დადებითი შედეგები მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ე.წ.სენდვიჩ პანელების პროექტზე მუშაობა საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია ICES-თან ერთად გასული წლის მარტში დაიწყო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარია. ფონდის მონაწილეობა პროექტში 49%-ია. პროდუქციის 60 პროცენტი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა. საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე წელიწადში 2.8 მლნ მ2 პანელია.