„ნამდვილად არ მეგონა, რომ ათი წლის თავზე განვიხილავდით, რატომ არის შემცირებული ევროკავშირთან ქართული პროდუქციის ექსპორტი“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე EU-ში ქართული პროდუქციის ექსპორტის 10-წლიან მინიმუმამდე შემცირებას.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, თუმცა თითქმის 10 წლის თავზე, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები არც თუ ისე სახარბიელოა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა მაჩვენებლების შემცირება და ამ კითხვით ზვიად ჭუმბურიძეს მიმართა.
„2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებამ, პრაქტიკულად, მისცა ყველა საშუალება ჩვენს ბიზნესსა და ეკონომიკას, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაგვეკავებინა ადგილი ევროპულ ბაზარზე. უნდა დაგვეწყო სეროზული ფიქრი ბაზრების დივერსიფიკაციაზე, სტანდარტების დაკმაყოფილებასა და უწყვეტობის უზრუნველყოფაზე, რასაც სჭირდებოდა დრო. მაშინდელი გადასახედიდან დაახლოებით 10 წელი მაინც საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ქართულ ბიზნესს მისცემოდა მოტივაცია და შეესწავლა მოთხოვნები. ეს ყველაფერი ასევე მოითხოვს გამოცდილებას და ეკონომიკურ და ბიზნეს კულტურას. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ათი წლის თავზე განვიხილავდით, რატომ არის შემცირებული ევროკავშირთან ქართული პროდუქციის ექსპორტი და თუნდაც მცირედი ყოველწლიური ზრდის დინამიკა რატომ არ არის“, - აღნიშნავს ჭუმბურიძე.
როგორც მანვე აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს რეფორმებით უნდა შეეწყო ხელი ქართული ბიზნესისთვის, რომ დაახლოებოდა ევროკავშირის ბაზრებს და პარტნიორობა დაემყარებინათ ევროპელ პარნტიორებთან.
„სახელმწიფომ ვერ იმუშავა იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტი მოტივაცია შეექმნა ბიზნესისთვის, რათა ევროპულ ბაზარზე ჩვენი ადგილი დაგვეკავებინა. კარგად მესმის, რომ დივერსიფიკაცია რთული პროცესია, მაგრამ ამავე დროს, მესმის, რომ მიმზიდველია ბიზნესისთვის ევროპის ბაზარი, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ბიზნეს წრეებში არ მოიძებნება ისეთი მდგრადი, სერიოზული და განჭვრეტადი პარტნიორი, როგორიც არის ევროპული ბაზარი და პარტნიორები. რა თქმა უნდა, ბიზნესი ცოცხალი ორგანიზამია და თვითრეგულირებადია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბიზნესმაც მოადუნა ყურადღება და ვერც ხელისუფლებამ ვერ შექმნა ის მოტივაცია, რომ ბიზნესს დიდი ინტერესი ჰქონოდა ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.
მისივე თქმით, თუ ევროპელი პარნტიორების მიმართ სახელმწიფოს არსებულ რიტორიკას გააგრძელებს, მოსალოდნელია, სამომავლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები გაუარესდება.
„თუ გვექნება იგივე მიდგომა ევროპელი პარტნიორების მიმართ, როგორიც აქამდე ჰქონდა ხელისუფლებას, ჩათვალეთ რომ კიდევ უფრო შესუსტდება ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს. უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი ალტერნატივა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, განვითარებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის არის სწორედ თავისუფალი ვაჭრობისთვის ჩვენი მხრიდან იმ ნიშის შევსება, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია იყო ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, რასაც ახლა მოფრთხილება უნდა“, - განაცხადა ზვია ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10-წლიან მინიმუმზე დაეცა. ამ პერიოდში ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2014 წლის 9 თვის მონაცემებს აჭარბებს.
საპირისპიროდ ამისა, 10 წლის ჭრილში რეკორდულ ნიშნულზეა დსთ-ს ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტი. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს დსთ-ს ქვეყნებში 818 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.