საქართველო-იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი იმართება

"თიბისი ბანკის" სათავო ოფისი საქართველო-იტალიის პირველ ენერგეტიკულ ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ბიზნესფორუმი ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი. ფორუმს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ესწრებიან.

ფორუმში მონაწილეობენ ენერგეტიკის სფეროში იტალიური საკონსულტაციო კომპანია "Nomisma Energia"-ს მიერ მოწვეული იტალიური კომპანიები. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა, ასევე პოტენციური ინვესტორების მოზიდვა, რაც დაეხმარება სექტორის განვითარებას.

ფორუმი "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით ტარდება და მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) და იტალიური საკონსულტაციო კომპანია "Nomisma Energia", მხარდამჭერია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ქართულ-იტალიური ბიზნესოფორუმი.

"მივესალმები ასეთ წამოწყებას. იტალიური კომპანიები ჩვენ დარგში ნაკლებად არიან შემოსულები და ვფიქრობ, ჩვენ დღეს გვექნება საშუალება გავაცნოთ არსებული მდგომარეობა, არსებული სიტუაცია, დარგის მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, ისინიც ჩაერთვებიან სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტების განხორცეიელებაში. ენერგეტიკა არის ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი და ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რადგან ენერგეტიკის განვითარებაზე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური წინსვალა, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, ასეთი პროექტები მომავალშიც აუცილებლად განხორციელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის დავით წიკლაურის განცხადებით, ეს არის მეორე ღონისძიება, რომელიც "თიბისი ბანკთან" ერთად დაიგეგმა". "მოხარულები ვართ, რომ ასეთი ღონისძიებები ჩვენთან ტარდება. იმ პროექტების კონკრეტული დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომლებზეც ვმუშაობთ, თუმცა ის პროექტები, რომლებიც განვახორციელეთ მოიცავდა როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდი ზომის ჰესებს. ვაგრძელებთ ამ სექტორში მოღვაწეობას იმიტომ, რომ საკმაოდ დადებითად ვართ განწყობილები სექტორის მიმართ", - განაცხადა დავით წიკლაურმა.