მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასმა 2 750 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 11:30 საათზე ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 2 755 დოლარია, რაც წლიურად 37.45%-იანი ზრდაა, თვიურად კი ოქრო 4.08%-ით არის გაძვირებული.
ოქროსთან ერთად, ძვირდება ვერცხლიც. ბირჟებზე ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლი 33.95 დოლარი ღირს, რაც წინა წელთან შედარებით 45.15%-ით მეტია, ერთთვიან ჭრილში კი ვერცხლი 8.23%-ით არის გაძვირებული.
აღსანიშნავია, რომ ოქროზე ფასის ზრდა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის მიწურულს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ - FED, რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შეამცირა. მანამდე ტრეიდერები პროგნოზირებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფედრეზერვი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებდა, ის ოქროს მხარდაჭერას გამოიწვევდა, რაც რეალურად მოხდა კიდეც. ოქროში ინვესტიციების ზრდის ძლიერი არგუმენტებია, ასევე, მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეშფოთება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და საფონდო ბირჟის ცვალებადობა-არამდგრადობის სავარაუდო ზრდა. მაშინ გამოითქვა პროგნოზი, რომ ოქროს ფასი 2 700 დოლარამდეც კი გაიზრდებოდა.
დღეს კი ოქროს ფასმა საპროგნოზო მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და გამორიცხული არ არის, რომ ფასი კიდევ გაიზრდება.
როგორც ABC News წერს, ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია ბოლო წლების განმავლობაში ცენტრალურ ბანკების მიერ ოქროს დიდი ოდენობით შესყიდვით, განსაკუთრებით ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ. მსოფლიო ოქროს საბჭოს სტატისტიკით, ცენტრალურმა ბანკებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 1 000 ტონაზე მეტი ოქრო შეიძინეს, აქამდე ეს ნიშნული არასოდეს გადალახულა.
საინვესტიციო ფირმა Global X-ის ანალიტიკოსის, ტრევორ იიტსის აზრით კი, ოქროს მაღალ ფასებს დაბალი საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს.
ექსპერტი ოქროს ფასის ზრდას ასევე მიაწერს გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას და აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილ ამბებს, რადგან, მისი მტკიცებით, გლობალური არასტაბილურობის აღქმა ხშირად უბიძგებს ინვესტორებს შეიძინონ ოქრო.
როგორც წესი, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს, მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ.