არარეზიდენტი კლიენტებიდან ყველაზე ხშირად ვალუტას რუსეთის მოქალაქეები ცვლიდნენ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, 2022-2023 წლებში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქე კლიენტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა.
„მაგალითისთვის, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქე კლიენტების რაოდენობა გაზრდილია 4 659-დან 42 049-მდე, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების - 1 721-დან 12 471-მდე“, - აღნიშნა ნინო ქავთარაძემ.
ამასთან, ქავთარაძის განმარტებით, სავალუტო ჯიხურების 94% საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდათ, ხოლო დარჩენილ 6%-ს რუსეთის, თურქეთის, კვიპროსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები ინაწილებდნენ.
„2022-2023 წლის მონაცემებით, არარეზიდენტ კლიენტებში, რაოდენობის მხრივ, დომინირებენ რუსეთის 34%, ისრაელის 14%, ბელარუსის 10%, უკრაინის 10%, თურქეთის 8%, ირანის 6%, ყაზახეთის 5%, საუდის არაბეთის 5%, ინდოეთის 4% და აზერბაიჯანის 45 მოქალაქეები“, - განგვიცხადა ნინო ქავთარაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობთ საქართველოში რეგისტრირებული იყო 511 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით 689 ფილიალი ჰქონდა გახსნილი.