რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს შვედეთთან, რომლის მთავრობა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს. თუმცა მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს კიდეც.

Sweden Herald-ის ცნობით, საქართველოსთვის შვედეთის დახმარება წელიწადში 200 მილიონ კრონს შეადგენს. წელს, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას გამოეყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია სავაჭრო ურთიერთობა სკანდინავიის აღნიშნულ ქვეყანასთან. საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 31.6%-ით, 41.2 მლნ დოლარიდან 28.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. ამასთან, 2024 წლის 9 თვეში 28.2 მლნ დოლარიდან 27.5 მლნ დოლარი იმპორტზე, 661 ათასი კი ექსპორტზე მოდიოდა.

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 295.8 ათასი დოლარი
  • ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 284 ათასი დოლარი
  • მძივის მარცვლები მინისა, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების იმიტაციით - 62.8 ათასი დოლარი
  • ოსცილოსკოპები, სპექტრის ანალიზატორები სხვა ხელსაწყოები ელექტრული სიდიდეების საზომად - 6.6 ათასი დოლარი
  • ხელის ინსტრუმენტი, სხვა - 5.4 ათასი დოლარი

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 10.205 მლნ დოლარი
  • აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - 2.947 მლნ დოლარი
  • ავტოსატვირთელები - 1.017 მლნ დოლარი
  • ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული სხვა, რულონებად ან ფურცლებად - 859.5 ათასი დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 716.1 ათასი დოლარი