ლოგიკური მოთხოვნაა, რომ არჩევნები ვიღაც მესამე მხარემ ჩაატაროს, თუ ეს არჩევნები შედგა. ეს რაც შეხება თვითონ განაცხადის ლოგიკურობას, აი, რამდენად რეალისტურია, ეს სხვა საკითხია, - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.
ხუხაშვილის განმარტებით, თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები გააკრიტიკა, მაგრამ მისი შედეგები ცნო, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური ძალების ეს პოლიტიკური განაცხადი მხოლოდ პოლიტიკურ განაცხადად დარჩება.
„ეს პოლიტიკური განაცხადია, რადგან საზოგადოებაში ასეთი განცდაა - არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში, არამედ, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებაში, ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილში, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა სისტემურ დარღვევებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, ყველა უბანზე, საარჩევნო ადმინისტრაციების მონაწილეობით დანაშაულის ჩადენა ხდებოდა. საარჩევნო დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ დოკუმენტურად დადასტურდა, რომ დარღვევები სისტემურ ხასიათს ატარებდა, მოცემულობა, რომ იგივე საარჩევნო ადმინისტრაციამ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს, აბსურდი იქნება, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება. ლოგიკური მოთხოვნაა, რომ არჩევნები ვიღაც, მესამე მხარემ ჩაატაროს, თუ ეს არჩევნები შედგა. ეს რაც შეხება თვითონ განაცხადის ლოგიკურობას, აი, რამდენად რეალისტურია, ეს სხვა საკითხია. ახლა პოლიტიკური პროცესი მიდის, სადაც აქტიური ფაზა არ დასრულებულა, ჯერ საბოლოო მოსაზრებები არ გამოუთქვამს, დასკვნები არ გაუკეთებია დასავლეთს - მხარეს, რომელმაც ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია უნდა მიანიჭოს ან არჩევნები უნდა ცნოს ან არ უნდა ცნოს. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები გააკრიტიკა, მაგრამ მისი შედეგები ცნო, ამ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური განაცხადი მხოლოდ პოლიტიკურ განაცხადად დარჩება. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნების შედეგები არ ცნო, დაადასტურა, რომ არჩევნებზე დარღვევები სისტემური იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა არჩევნების შედეგები, ამ შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ განაცხადს გარკვეული პერსპექტივა აქვს, რა ფორმით, ეს სხვა საკითხია. საერთაშორისო ადმინისტრაცია ჩაატარებს, თუ სხვა ტექნიკურ მექანიზმზე შეთანხმდებიან, ეს სხვა საკითხია. თუ ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ეს არჩევნები არ იქნება ცნობილი, მაინც შეეცდება ფაქტობრივად ძალაუფლების უზურპაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისი ახალ ეტაპზე გადავა, როდესაც ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, შეეცდება სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთოს, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება აწყობს, რადგან კონსტიტუციის მიღმა გადის. რთული პოლიტიკური პროცესია, წინასწარ რამის თქმა არ შემიძლია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან ბევრი მოთამაშე, ძალიან ბევრი პარამეტრია ამ ყველაფერში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ის, ასევე, გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მათ გამოძიების ჩატარება სურთ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი ორგანო გააკეთებს აღნიშნულს. ხუხაშვილის თქმით, თუკი, დასავლეთმა მოვლენების ასეთი განვითარება მოითხოვა და ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას არ გამოთქვამს, ქვეყანა რუსეთის იმპერიაში დაბრუნდება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან დღეს, როგორც ჩანს, დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი ტექნოლოგიის სპეციფიკურ სისუსტეებს უკავშირდებოდა. ეს არ იყო ქსელური სისტემა, ავტონომიური სისტემები იყო, ეჭვი არ მეპარება, რომ მანქანა საკუთრივ სწორად ითვლიდა, მაგრამ სხვა საკითხია, რას ითვლიდა. როგორც სადამკვირვებლო მისიები ამბობენ, ძალიან ბევრი ვიდეომასალა არსებობს, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ თქვა, 400-ზე მეტი მტკიცებულება გვაქვსო, ეს უკვე სისტემურ დანაშაულზე მეტყველებს. როცა ასეთი საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, გამოძიება უნდა ჩატარდეს. აპარატები უნდა გაიხსნას, სიები უნდა ამოვიდეს, რა არის იქ დაფიქსირებული, ხმები ვინ მისცა, რაღაც ალგორითმებით შეიძლება გადამოწმება, ეს ადამიანები არჩევნებზე რეალურად იყვნენ თუ - არა. შემდეგ უნდა შეფასდეს მასშტაბი, თუ გამოჩნდა, რომ ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, ბუნებრივია, არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. მე ასე მგონია, რომ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ ექნება. თუ დასავლეთმა ასეთი განვითარება მოითხოვა და ხელისუფლება თუ პოლიტიკურ ნებას არ გამოთქვამს, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის იმპერიაში ვბრუნდებით. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორობაზე ხელისუფლება საბოლოოდ უარს ამბობს. ილუზიას ხომ ქმნიდა, გადატვირთვას დავიწყებთო, თუ ამ მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი იქნება ჩვენი ხელისუფლებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ავტომატურად ხდება რუსეთის ლუკმა, მერე ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, უნდა რუსეთში ცხოვრება, თუ - არა.
თუ დასავლეთი მოგვცემს რეკომენდაციას, რომ საერთაშორისო აუდიტი ჩატარდეს და თუ ამაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, ეს დაახლოებით, იგივეა, მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებით რომ სარგებლობს, რაც ფაქტობრივად ირიბი დადასტურებაა, რომ ის მკვლელია. მარტივი ლოგიკაა, თუ არაფერი არ აქვთ დასამალი, თუ ყველაფერი კარგად იყო, უარი რატომ უნდა თქვან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.