„ხელისუფლება ეცდება, რეზერვები ნებისმიერი გზით შეავსოს  - დახმარებისთვის ის ჰეზბოლას, რუსეთს, ჩინეთს მიმართავს“ - ეკონომისტი

„ხელისუფლება ეცდება რეზერვები ნებისმიერი გზით შეავსოს - დახმარებისთვის ის ჰეზბოლას, რუსეთს, ჩინეთს მიმართავს“ - როგორც ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, გამორიცხული არ არის, საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთის ცენტრალურ ბანკსაც მიმართოს.

„არაფერს გამოვრიცხავ. ლარის გადასარჩენად საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, არამარტო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მიმართოს დახმარებისთვის, არამედ რუსეთის ცენტრალურ ბანკსაც. ყველაფერი მოსალოდნელია. წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა და არც უნდა მოხდეს. თუმცა ის, რაც დღეს ხდება, აღარაფერს გამორიცხავს.

ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, როცა მისი რეზერვები ამოიწურება. ის ეცდება ეს რეზერვები ნებისმიერი გზით შეავსოს. არანაირი სხვა მექანიზმი არ რჩება, გარდა იმისა, რომ მიმართოს ჰეზბოლას, რუსეთს, ჩინეთს დახმარების აღმოსაჩენად.

იმდენად დაზიანებულია საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია, ამაზე უარესი ალბათ აღარაფერი მოხდება. საბოლოოდ, ის ან უკიდურეს ზომას მიმართავს ლარის გადასარჩენად, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ან იტყვის, რომ რეზერვები აღარ გვაქვს და ლარის კურსიც გაიქცევა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მხოლოდ ოქტომბერში 213.4 მლნ დოლარი გაყიდა, მთლიანად წლის განმავლობაში კი ბაზარს 382.1 მლნ დოლარი მიაწოდა.

იხილეთ ასევე:

სებ-მა წელს 539.7 მლნ დოლარი გაყიდა - როგორია აუქციონებისა და Bmatch-ზე განხორციელებული ოპერაციების სტატისტიკა

ეკა დარჩიაშვილი