დიმიტრი პესკოვი - ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის არც უფლება, არც სურვილი და არც განზრახვა გვაქვს

ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის არც უფლება, არც სურვილი და არც განზრახვა გვაქვს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის არც უფლება, არც სურვილი და არც განზრახვა გვაქვს. ეს არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენი საქმე არ არის, ვივარაუდოთ, რა მოხდებოდა არჩევნებში სხვა პოლიტიკურ ძალას რომ გაემარჯვა. არჩევნებში მან გაიმარჯვა, ვისაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს. ყველაფერი სხვა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების საზრუნავია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი შეშფოთებულია იმ ულტიმატუმების მოთხოვნებით, რომელსაც დასავლეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უყენებს.

„ჩვენ აბსოლუტურად მენტორულ განცხადებებს ვხედავთ, რომლებიც აშშ-დან და ევროკავშირიდან მოდის და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებენ. ეს ამაზრზენი გამოვლინებებია, რომლებიც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმებს ეწინააღმდეგება და რომლებიც უნდა შეწყდეს. ჩვენ არ ვერევით, მაგრამ შეშფოთებულები ვართ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა თავიანთ გუშინდელ ოფიციალურ განცხადებებში საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას ულტიმატუმები წაუყენეს“, - აღნიშნა პესკოვმა.