საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი:  საბერძნეთს ეროვნული ვალუტის დაბეჭდვა არ შეუძლია

საბერძნეთს არ შეუძლია ეროვნული ვალუტის - დრაჰმის დაბეჭდვა, ვინაიდან ქვეყანას აღარ აქვს შესაბამისი საბეჭდი მოწყობილობები. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2000 წელს, როდესაც საბერძნეთი ევროზონას შეუერთდა, მაშინდელმა მთავრობამ დრაჰმის საბეჭდი მანქანები გაანადგურა, ვინაიდან ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქვეყანა საბოლოოდ გადადიოდა ევროპულ ვალუტაზე და ეროვნულ ვალუტას არასოდეს დაუბრუნდებოდა.

საბერძნეთში ეროვნული ვალუტის დაბრუნებისა და ევროზონიდან გასვლის შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. ამის მიზეზი ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის უთანხმოებაა. ექსპერტების მოსაზრებით, თუ საბერძნეთი ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდა, დრაჰმის ფასი მალევე დაეცემა, რაც ინფლაციის საფრთხეს შექმნის.