2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 24.6 მლრდ ლარი, ხოლო გადასახდელებმა - 25 მლრდ ლარი შეადგინა, შესაბამისად, ბიუჯეტის ნაშთის გამოყენება 461 მლნ ლარის ოდენობით დაიგეგმა. ამის შესახებ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, 8 თვის მდგომარეობით, ფაქტობრივად მობილიზებული შემოსულობები 16.7 მლრდ ლარით, ხოლო გაწეული გადასახდელები 16.3 მლრდ ლარით განისაზღვრა.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის 8 თვის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლები მობილიზების მაღალი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ამ პერიოდში მიღებულია საგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმური მაჩვენებლის 68.4%, მაშინ როდესაც 2022-2023 წლების ანალოგიური მაჩვენებლები, შესაბამისად, 59.8% და 64.1%-ია.
„წინა წლებთან შედარებით, მობილიზების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება ყველა საგადასახადო შემოსავალი გარდა აქციზისა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელზე გადაჭარბება“,- აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, სხვა შემოსავლების კუთხით აღსანიშნავია საპროცენტო შემოსავლები, სადაც რვა თვეში მობილიზებულია 225 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 80.2%-ია.
„სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმიდან ჩამორჩენით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსულობები. 8 თვის მონაცემებით, ამ კომპონენტში მობილიზებულია 97 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 49.8%-ია.
რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვის ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 65.0%-ს (16.3 მლრდ ლარს) შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს გადასახდელების თანაბარზომიერი ათვისების ტენდენცია გაუმჯობესებულია, რაც ძირითადად განაპირობა „ხარჯების“ მუხლის დინამიკამ. თუმცა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის შემთხვევაში გრძელდება გასული წლების ტენდენცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორც მხარჯავი დაწესებულებების ასევე მაკოორდინირებელი უწყების მხრიდან, ყურადღება მიექცეს გამოყოფილი რესურსის დროულ ათვისებას, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის წლის ბოლო თვეში დახარჯვა“,- ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში, საყურადღებოა, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებსა და დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობაში. კერძოდ:
„ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში ადგილი აქვს თანხების მობილიზებას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ასიგნებების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე;
გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროგრამების/ქვეპროგრამების ან ცალკეული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების ფარგლებში ჭარბი ოდენობით რესურსის დაგეგმვას ან/და წლის განმავლობაში აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებას სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე;
გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, 8 თვის მდგომარეობით, 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით 80%-ზე დაბალი ათვისება აქვს 70 პროგრამასა (პროგრამების 45.2%) და 149 ქვეპროგრამას (ქვეპროგრამების 37.9%).
8 თვის მდგომარეობით, კაპიტალური პროექტების ათვისება 2.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიური გეგმის 59% (2023 წელს 52%), ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის 91%-ია (2023 წელს 86%). 23 პროექტის შემთხვევაში ათვისებულია როგორც წლიური გეგმის, ასევე 9 თვის დაზუსტებული გეგმის 60%-ზე ნაკლები (2023 წელს - 25 პროექტი). მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების/პროექტების განხორციელების შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით, მნიშვნელოვანია, განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება მიექცეს პროექტების მართვის პროცესში პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას და მათ გათვალისწინებას“,- აღნიშნულია ანგარიშში.