„მხოლოდ გზის გაფართოება საცობების პრობლემას არ უშველის - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დააპროექტებენ“

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დააპროექტებენ,” - ასე უპასუხა საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, რამდენად გადაჭრის ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოება საცობების კუთხით, ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს.

მელაძე განმარტავს, რომ გზის გაფართოება საცობების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა, მხოლოდ გზის გაფართოება პრობლემას ვერ აგვარებს.

მისი თქმით, აღნიშნულთან ერთად უნდა მოხდეს გზების შრეებით გამოყოფა და ნაკადების კვეთის შემცირება.

„გზის გაფართოების ტენდენცია ზოგადად იქნება სწორი, რომ გადავადგილდები სხვადასხვა ქვეყანაში ვაკვირდები, როგორ არის გზები მოწყობილი. ყველგან არის მრავალზოლიანი საავტომობილო გზები - სხვა გამოსავალი არ არის. გვინდა თუ არ გვინდა, ადამიანებს უწევთ კერძო ავტომობილით გადაადგილება, რის შედეგადაც, გზები იტვირთება. გზის გაგანიერება, განსაკუთრებით ისეთ კვანძებზე, სადაც დიდი კვეთები და მოძრაობაა, არის გარდაუვალი საჭიროება.

თუმცა, მხოლოდ გზის გაფართოება საცობების პრობლემას არ უშველის. ვფიქრობ, რომ საჭიროა გზები შრეებად ცდებოდეს ერთმანეთს - ეს მეთოდი ევროპაში აქტიურად გამოიყენება. შრეებად დაყოფას რომ ვახსენებ, ვგულისხმობ პანდუსების მოწყობას. გზა უნდა მოეწყოს ისე, რომ ერთი ნაკადი მიდიოდეს ზემოთ და მეორე ქვემოთ.

მაგალითად, გმირთა მოედანზე ნაკადი რომელიც მიდის მარჯვნივ სანაპიროსკენ და მეორე რომელიც უხვევს მარცხნივ, გვერდულად კვეთს ერთმანეთს. მძღოლს უწევს დაბალი სიჩქარით მოძრაობა და როცა ამას ემატება ავტომობილების დიდი ნაკადი, იქმნება საცობი და მოძრობა იჭედება.

ჩემი აზრით, უნდა იყოს გზების შრეებად აცდენა ისე, როგორც ეს მოხდა იპოდრომთან. ის პანდუსი, რაც იპოდრომზეა (ყაზბეგიდან ჩასასვლელში), ფაქტობრივად, ხელს უწყობს იმას, რომ საცობი არ იყოს იქ. ვფიქრობ, რომ მსგავსი პანდუსი უნდა მოეწყოს ვეფხვი და მოყმის ძეგლთან - შედეგად ორი ნაკადი ასცდება ერთმანეთს, აღარ იქნება საჭირო შუქნიშანი, ავტომობილების ნაკადების კვეთა არ მოხდება და არ შეიქმნება საცობი,“ - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

როგორც ცნობილია, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ, გზის გაფართოება იწყება. თბილისის მერის ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოები 2 თვე გაგრძელდება. პროექტი დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაჯდება.

შეგახსენებთ, ლაგუნასთან სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგების პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. როგორც მაშინ მერი აცხადებდა საჭირო იყო ტერიტორიაზე არსებული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი. ლაგუნა ვერეს მიმდებარედ განთავსებული „ვისოლის“, „გალფისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების ქონება დაახლოებით 7.2 მილიონ ლარად შეფასდა. სადგურის მფლობელებს ადგილმონაცვლეობა ე.წ გლდანის ხიდებისა და ლისის ტბის მიმდებარედ შესთავაზეს. აღნიშნული სადგურების დემონტაჟი 2024 წლის ზაფხულში დასრულდა. იმავე პერიოდში ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯიარჯი“ გამოცხადდა.

მერი ტაბატაძე