„ბიზნესი ამდენ სტრესს ვერ უძლებს - ეს პროცესი თუ არ შეწყდა, ტურიზმის სექტორს პერსპექტივა არ ექნება“

„თუ არ შეწყდა პროცესი, რომელიც ახლა ქვეყნის რუსეთიზაციისკენ მიდის, ტურიზმის სექტორს პერსპექტივა არ ექნება,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მდგომარეობა რთულია, რადგან ისინი მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებიან.

„ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, თბილისის ცენტრალურ უბნებში ჯავშნების გაუქმების კონკრეტული შემთხვევები გვქონდა, ეს ტენდენცია არ არის სახარბიელო. თუ ქვეყანა მიდის რუსეთიზაციისკენ და ეს არ შეწყდა, ამ სფეროს პერსპექტივა არ ექნება. ბიზნესი ამდენ სტრესს ვერ უძლებს,“ - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

ამასთან, „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ბოლო წლებში ტურიზმის ინდუსტრიის სირთულეებზე ისაუბრა.

„2018-2019 წლები ტურიზმის ინდუსტრიაში ოქროს წლები იყო. 2019 წელს საკმაოდ დიდი პრობლემები შეგვექმნა ე.წ. „გავრილოვის ღამის“ გამო, რომლის შემდეგაც ჯავშნების მიღება შეწყდა, ხოლო არსებული - გაუქმდა. ეს მოხდა ტურიზმისთვის საკმაოდ აქტიურ სეზონზე - ზაფხულში და ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა სექტორს.

ამის მერე იყო კოვიდი, როდესაც ვიყავით ჩაკეტილები და მაშინაც მნიშვნელოვანი შემოსავალი დავკარგეთ.

ასევე შარშან, როდესაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენის, ITB Berlin-ის მასპინძლები გავხდით, ის ღონისძიებაც სრული კრახით დასრულდა, რადგან დაიწყო რუსული კანონის განხილვები და ამან გამოიწვია ამ ყველაფრის ჩაშლა, ნაცვლად იმისა, რომ ბიზნეს-გარიგებებზე გვესაუბრა. ის მილიონობით ლარი, რათა მასპინძელი ქვეყანა ვყოფილიყავით, წყალში ჩაიყარა,“ - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

მისი თქმით, გაურკვევლობა და ნებისმიერი პოლიტიკური რყევა არასტაბილურ გარემოს ქმნის ბიზნესში.

„წარმატებული ზამთრის სეზონის შემდეგ, როდესაც ზაფხულისთვის დავიწყეთ მზადება, ისევ დაიწყო რუსული კანონის განხილვა, აქციები და ეს პირდაპირ აისახა ტურიზმის სექტორზე. ეს ყველაფერი თუ არ დასრულდა, ტურიზმის სექტორის გარდა, უამრავი სხვა სფერო შეიძლება გაკოტრდეს, ჩავარდეს და ა.შ. გაურკვევლობა და ნებისმიერი პოლიტიკური რყევა არასტაბილურ გარემოს ქმნის ბიზნესში,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ეკა დარჩიაშვილი