აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განცხადება გაავრცელა „ატლანტიკური საბჭოს“ ორი მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საბანკო ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით.
„დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ვფიქრობ, ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ინსტიტუტზე, რომელშიც ისინი მუშაობენ. თუ ეს მომავლის მანიშნებელია, ცხადია, რომ„ ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ საშუალება უნდა მისცეს მკვლევრებს, რომ გააკეთონ თავიანთი სამუშაო შურისძიების შიშის გარეშე. ჩვენი „მეგობრის აქტით“ დაისჯება ის, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას არღვევს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
„საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ისინი არიან „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. მთავრობამ მკვლევრების ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას ბავშვის კომპიუტერი ჩამოართვა“,- ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფო გელავას მეუღლის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკს“ და „თიბისი ბანკს“ ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით ოფიციალური, კონკრეტული პასუხი არ აქვთ.