ავიაკომპანია TRANSAERO მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის ივლისიდან ავიაკომპანია TRANSAERO მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განახორციელებს.

რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. გარდა ამისა, ბათუმის მიმართულებით გაიზარდა რეისების რაოდენობა მინსკიდან. ავიაკომპანია ბელავია-მ მინსკსა და ბათუმს შორის ფრენის სიხშირეები გაზარდა და სამის ნაცვლად, კვირაში ხუთჯერ იფრენს.

2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66%-ით გაიზარდა. 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია ჯამში 111,864 მგზავრი, რაც 66%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (67,422 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიმართულებით მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატება მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის განმავლობაში.