შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება

ჩვენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, წერტილი! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოების შესახებ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არსებობს ორი გზა, როგორც ოპოზიციისთვის, ისე „ქართული ოცნებისთვის.

„არის ორი გზა: ერთი არის ისტერიული გზა - „ოღონდ და ყველაფერზე წამსვლელები არიან“ და არის „ქართული ოცნების“ გზა, რომელიც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით მოძრაობას გულისხმობს, დაფიქრებულს, წინდახედულს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ჩანაწერი, სადაც წერია, რომ არის 49%-იანი დაახლოება (ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოება), ოღონდ, ამის სანაცვლოდ არ გავრისკოთ ამ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, ამ ქვეყნის უსაფრთხოება. ოპოზიცია და თქვენთან [ტვ.პირველთან] აფილირებული ბატონი „ლელოს“ ხელმძღვანელობას წინასაარჩევნო დაპირება ჰქონდათ, ხომ გინახავთ „ფლაერები“? პირველი პუნქტი, რა წერია - სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ევროკავშირის ყველა სანქციასთან მიერთება, წერტილი! ეს, პირდაპირ უწერიათ. რასაც ჩვენ ვამბობდით,იმას მეორე დღესვე გააკეთებდნენ. ქართველი ხალხი, რომ ბოლომდე რაღაცნაირად მოეტყუებინათ და ხელისუფლება ხელში ჩაეგდოთ, დღეს უკვე - არა , დღეს არა, მაგრამ სანქციები დაწესებული იქნებოდა რუსეთთან, ანგარიშში ჩაიწერებოდა 100%-იანი თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და საქართველოში გვექნებოდა დანგრეული ეკონომიკა. აი,ეს არის ოპოზიციის გზა, რაც იყო და ამას ვერ ხვდებიან, რომ ხალხმა ეს გაიგო ძალიან კარგად, რომ ოპოზიცია ანგრევდა ამ ქვეყანას, ოღონდ ვიღაცის შექება, რაღაც დოკუმენტში ამოეკითხათ შექება და მზად იყვნენ ამ ქვეყნის დანგრევისთვის, ამიტომ, გამოვიდა „ქუდზე კაცი“ და თქვეს, რომ არა! კახელებმა ამიტომ თქვეს,რომ „ჩვენ ღვინის სექტორს არ დაგანგრევინებთ, ასე მალე“, მათ შორის ამ სანქციებით. აი, „ლელოს“ სანქციებს რომ მიერთებოდა და რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, პირდაპირ დაანგრევდა მთელ კახეთს, დაანგრევდა სამეგრელოს, სოფლის მეურნეობას საერთოდ მოსპობდნენ.

ჩვენ, საგარეო პოლიტიკის დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, წერტილი! ასევე, სხვა მიმართულებით - „გამჭვირვალობის კანონზე“ ვერ ვთანხმდებით და ამაზე ღიად ვამბობთ და დღემდე ველით არგუმენტებს, რატომ არის წინააღმდეგი ევროკავშირი,რომ მისი დაფინანსება იყოს სრულად გამჭვირვალე საქართველოში, რა არის ამაში პრობლემა?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველა საკუთარი ინტერესით მოქმედებს.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ინტერესით, ჩვენი ინტერესი არ არის რუსეთისთვის სანქციის დაწესება. ამის გამო, თუ მივიღებთ დაბალ შეფასებას, დაე, ასე იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.