ნაკლები სტრესი და ბევრი ვარჯიში - როგორია გერმანიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტის შედეგები

გერმანიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტი დასრულდა, რომელიც 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში 45 კომპანია იყო ჩართული. შედეგებმა აჩვენა, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა არ დაცემულა, მაგრამ მათ დაიწყეს მეტი დროის გატარება საყვარელ ადამიანებთან და ამასთან, უფრო მეტად დაკავდნენ სპორტით.

მიუნსტერის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გააანალიზეს თანამშრომლების კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონეები და დაადგინეს, რომ დასაქმებულების ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათ ასევე გამოიყენეს მონაცემები ჭკვიანი საათებიდან. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს საშუალოდ 38 წუთით მეტი ეძინათ და ჩვეულებრივთან შედარებით, მეტს მოძრაობდნენ. ხალხმა უფრო მეტი დრო დაუთმო ოჯახს და უფრო ხშირად დაიწყეს სპორტდარბაზში სიარული.

ამავდროულად, შრომის პროდუქტიულობა იმავე დონეზე დარჩა ან ოდნავ გაიზარდა. კომპანიების 70%-მა აღნიშნა, რომ უფრო მოკლე სამუშაო გრაფიკზე გადასვლამ ხელი შეუწყო ახალი თანამშრომლების მოზიდვას.

ექსპერიმენტი 2024 წლის 1-ელ თებერვალს დაიწყო. კომპანიების 73%-მა განაცხადა, რომ მზადაა გააგრძელოს ტესტირება ან მთლიანად გადაერთოს ახალ გრაფიკზე. 20% დაუბრუნდა ხუთდღიან სამუშაო კვირას, მაგრამ მათგან 10%-მა შესაძლოა, მომავალში ამ გადაწყვეტილებას გადახედოს.

როგორც ცნობილია, ევროპის ქვეყნები და ქალაქები აქტიურად იკვლევენ 4-დღიანი სამუშაო კვირის შემოღების შესაძლებლობას. მაგალითად, როგორც Europulse წერს, აღნიშნული გრაფიკი მოქმედებს საფრანგეთის სამინისტროების თანამშრომლებისთვის და ასევე, იტალიური სპორტული მანქანების Lamborghini-ის ქარხნებში დასაქმებულებისთვის.

მსგავსმა ექსპერიმენტმა ვალენსიაში აჩვენა, რომ დასაქმებულებმა დაიწყეს მეტი დროის დათმობა საყვარელი ადამიანებისთვის და საკუთარი თავისთვის.