„ლაგუნას ვერეს“ მიმდინარე ტერიტორიაზე გზის გაფართოების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამ ეტაპზე პროექტირება/მშენებლობის ეტაპი მიმდინარეობს. ადგილზე სამუშაოები 2 თვე გაგრძელდება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილზე „მეტი სამანქანო ზოლი მოეწყობა“.
„გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები იწყება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის გაფართოება და სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია-განახლება.
კერძოდ, ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ქსელი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, დამონტაჟდება შუქნიშნები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 200 000 ლარით დაფინანსდება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში.
შეგახსენებთ, ლაგუნასთან სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგების პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. როგორც მაშინ მერი აცხადებდა საჭირო იყო ტერიტორიაზე არსებული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი. ლაგუნა ვერეს მიმდებარედ განთავსებული „ვისოლის“, „გალფისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების ქონება დაახლოებით 7.2 მილიონ ლარად შეფასდა. სადგურის მფლობელებს ადგილმონაცვლეობა ე.წ გლდანის ხიდებისა და ლისის ტბის მიმდებარედ შესთავაზეს. აღნიშნული სადგურების დემონტაჟი 2024 წლის ზაფხულში დასრულდა. იმავე პერიოდში ლაგუნა ვერეს მიმდებარე (გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯიარჯი“ გამოცხადდა.