ქუთაისის IT ჰაბში კრეატიული ცენტრის ლიცენზიისა და საკონსულტაციო მომსახურებაზე 1.764 მლნ ევრო დაიხარჯება

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის და საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად ბიუჯეტიდან 1 764 100 ევროს დაიხარჯება.

ტენდერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამარტივებული წესით გამოცხადდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროექტების განსახორციელებლად გამარტივებული შესყიდვის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ სატენდერო პროცედურით ვერ მოხერხდება შესაბამისი აქტივობების განხორციელება და მომწოდებლების დაკონტრაქტება შესაძლებელია მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის გზით. მიმართულებების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, დაგეგმილი აქტივობების შეუფერხებლად განსახორციელებლად, აუცილებელია, რომ დასახელებული მომსახურებები სააგენტომ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

"გამომდინარე, ასევე იმ მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით, რომ TUMO-ს (კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი) სასწავლო ცენტრის დაინტერესება და მათი სატენდერო პროცედურებში ჩართვა შეუძლებელია, მოცემული გარემოება წარმოადგენს წინამდებარე განკარგულების მიღების საჭიროებას და მომწოდებლის, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის გზით დაკონტრაქტებას", - წერია სატენდერო დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, “TUMO” სასწავლო ცენტრი დღეისათვის წარმოდგენილია მსოფლიოს 8 ქვეყანაში: პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ალბანეთი, უკრაინა, ლიბანი, სომხეთი. “TUMO” სასწავლო ცენტრი ეფუძნება უნიკალურ ნოუ ჰაუს - სპეციალური სასწავლო პლატფორმას, რომელიც თეორიისა და პრაქტიკის შერწყმის გზით, 12-18 წლის სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უფასოდ დაეუფლონ რამდენიმე მიმართულებას, გამოცადოს თავი სხვადასხვა უნარებში და რეალური პროექტების შესრულების შემდგომ გაეხსნათ წვდომა სხვადასხვა ვორქშოფებზე, ლაბორატორიებზე და კარიერულ შესაძლებლობებზე.საქართველოში TUMO-ს ცენტრი წარმოდგენილი იქნება 11 პროგრამით, ესენია: კომპიუტერული პროგრამირება, ანიმაცია, ფილმების შექმნა, თამაშების დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, მუსიკა, რობოტიკა, ფოტოგრაფია, ხატვა და ხელოვნური ინტელექტი - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტების ჩამონათვალი, მოცულობა შემდეგია:

  • ცენტრის გახსნასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება - 120 000 ევრო;
  • 5 წლიანი ლიცენზია - 1 375 000 ევრო (წელიწადში 275 000 ევრო);
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები -269 100 ევრო. კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია მოხდეს მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება 5 წლის ვადით. ამასთან, 2024 წელს შესყიდვის ღირებულება იქნება 395,000 ევრო, ხოლო მომდევნო წლებში 275,000 ევრო.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში სესიები 2012-2016 წლებში იმართებოდა. 2016 წლიდან კი შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი. სწორედ იმ პერიოდიდან მიმდინარეობს საუბარი, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი მოეწყობოდა.

მიმდინარე თვეს კი მთავრობამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.

„მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, - განაცხადა მაშინ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.