ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალური ბანკის ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალური ბანკის ფორუმს უმასპინძლა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვების პორტფელის მართვის სისტემასთან დაკავშირებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მომხმარებელთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა საქართველოში გამართა.  მათივე ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ფორუმი ევროზონის ფარგლებს გარეთ იმართება. ფორუმის მიზანია რეზერვების მართვის საერთო სისტემის მქონე წევრ ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა. ფორუმი წელიწადში ორჯერ იმართება და მისი ძირითადი წევრები ევროსისტემის ცენტრალური ბანკები არიან, ხოლო ამ პროცესში საქართველო, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, დამკვირვებლის სტატუსითაა მოწვეული.

შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გახსნა. მისი თქმით, "ფორუმის საქართველოში გამართვა მნიშვნელოვანია და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს ღირსეულ და სერიოზულ პარტნიორად აღიქვამს". ფორუმს ვოლსტრიტის სისტემების (WSS) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც უპასუხეს შეკითხვებს და ისაუბრეს იმ მოქმედების გეგმაზე, რომელიც საჭიროა პროდუქტის შემდგომი განვითარებისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების გამოცდილებაზე, განიხილეს არსებული პროდუქტის გაუმჯობესების მოთხოვნები.

სებ-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მართვისთვის იყენებს იმავე სისტემას, რასაც ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროზონის ცენტრალური ქვეყნების უმრავლესობა. მსოფლიოს მასშტაბით სისტემას 30-ზე მეტი მომხმარებელი ცენტრალური ბანკი ჰყავს. 2011 წელს აღნიშნული სისტემა საქართველოშიც დაინერგა, რომლის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ ბანკს დახმარება ევროპისა და სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა გაუწიეს. "მოხარულები ვართ, რომ ეს შეხვედრა თბილისში ტარდება და ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად არის ჩართული. აღნიშნული ფორუმი ხელს შეუწყობს ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაში, რაც აუცილებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის წარმატებული დანერგვისათვის და ფუნქციონირებისათვის", - განაცხადა მომხმარებელთა ფორუმის თავმჯდომარემ, გენერალური საბაზრო ოპერაციების დირექტორატის საბაზრო ოპერაციების სისტემის უფროსმა, ქრისტიან რეინდერსმა.