რა ნიშნულზე იქნება ლარი დოლართან მიმართებით 2024-2025 წლებში - „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

2024 წლის სექტემბერში იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის მაჩვენებელი რეკორდული იყო, ხოლო ოქტომბერში უფრო გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის განახლებულ მიმოხილვაში.

ამასთან, მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ბოლოდან მომდევნო წლის ბოლომდე ლარის კურსი დაახლოებით 2.8-სა და 2.7-იან ნიშნულებს შორის იქნება.

„აღნიშნული კურსის განმაპირობებელი რამდენიმე მიზეზი არსებობს, კერძოდ:

  • სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა, სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელია;
  • ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ კვლავ ძლიერია ტრადიციული ტურიზმი და დაკრედიტება, ხოლო ჯამურ ხარჯებში გამოხატული მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც ნაკლებია;
  • თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც დაახლოებით მსგავსი ტენდენცია იკვეთება;
  • ლარის კურსის მხრივ, იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის მაჩვენებელი სექტემბერში ისტორიულად მაღალ დონეზეა, ხოლო ოქტომბერში, რომლის მონაცემებიც ჯერ არაა ხელმისაწვდომი, ჩვენი შეფასებით, სექტემბერთან შედარებითაც კი მნიშვნელოვან მატებას ჰქონდა ადგილი;
  • თუ წინა თვეებში ეს ფაქტორი ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებით პრაქტიკულად მთლიანად ბალანსდებოდა, ახლა უკვე სებ-ის სავალუტო ინტერვენციებმა არსებითი როლი შეასრულა;
  • ამ მხრივ, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, მნიშვნელოვანია, რომ სენტიმენტების ცვლილებისას, კონვერტაციები უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს და ერთგვარად, ეს ფაქტორი დაგროვილი ბუფერის კუთხით უნდა იყოს განხილული;
  • პროგნოზებს რაც შეეხება, მართალია არაერთი დაშვების გათვალიწინებით, თუმცა, როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის ზაფხულის შემდეგ უცვლელი საბაზო სცენარი, რომელიც 2024 და 2025 წლების პერიოდის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8-სა და 2.7-იან ნიშნულებს ითვალისწინებს, კვლავ დიდწილად ძალაშია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.