„სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონში მონაწილეობის უფლებამოსილების არქონა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სებ-ის სავალუტო აუქციონებში მონაწილეობის უფლების არქონა არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს კი მაშინ, როცა ქავთარაძის განმარტებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მომხმარებლებს ფინანსურ ინსტიტუტებთან შედარებით, უკეთეს გაცვლით კურსს სთავაზობენ.
„სავალუტო პუნქტებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ამ აუქციონში, მაშინ როდესაც სავალუტოები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან შედარებით, უკეთეს გაცვლით კურსს სთავაზობენ მომხმარებლებს. აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში კი, შესაძლებელი გახდება მომხმარებლისთვის ბევრად უკეთეს კურსში მომსახურების გაწევა. აუქციონში მონაწილე სუბიექტად არგათვალისწინება არაჯანსაღ, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და აზიანებს სექტორის ინტერესებს და შესაძლებლობებს“, - აღნიშნავს ნინო ქავთარაძე.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, ეროვნულ ბანკთან ჰქონდათ კომუნიკაცია იმაზე, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებსაც ჰქონდეს სავალუტო აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება. ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა, რა გადაწყვეტილებით დასრულება პროცესები, ამასთან დაკავშირებით „წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობთ საქართველოში რეგისტრირებული იყო 511 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით 689 ფილიალი ჰქონდა გახსნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ 9 თვეში 41 სავალუტო პუნქტი დაიხურა.