სუპერთასის ერთი ცალი 75 ლარიანი ბილეთი ონლაინ მარკეტზე 300 დოლარად იყიდება

სუპერთასის ერთი ცალი 75 ლარიანი ბილეთი ონლაინ მარკეტზე 300 დოლარად იყიდება. საქართველოს ონლაინ მარკეტზე უკვე გამოჩნდა თბილისის სუპერთასის გასაყიდი ბილეთები. ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, რომ იყიდება ბარსელონა-სევილიას თამაშის 4 ცალი 75 ლარიანი ელექტრონული ბილეთი. განცხადებაში მითითებულია ბილეთების ადგილმდებარეობაც, კერძოდ, I იარუსი, მე-13 სექტორი, IV რიგი. ბილეთების მფლობელი განცხადებაში წერს, რომ ბილეთებს გარანტიით ყიდის.

როგორც ბილეთების მფლობელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ის ბილეთების გადამყიდველი არ არის, უბრალოდ, გაუმართლა და მოახერხა ბილეთების ყიდვა. "გამიმართლა და მოვახერხე ბილეთების ყიდვა. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სალაროებში გაიყიდება ბილეთები, ფასები კიდევ უფრო მოიმატებს. მე დიდი გულშემატკივარი არ ვარ "ბარსელონასი", ასე რომ, ბილეთების გაყიდვა გადავწყვიტე".