ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 42 ათასი ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "ფასტფეი" დააჯარიმა. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიისთვის დაკისრებულმა ფულადმა სანქციამ 42 000 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ „ფასტფეის“ შემოწმებისას, შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 შემთხვევა;

2 კლიენტთან მიმართებით, ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის არ ქონა;

4 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების არასწორად შევსება და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;

2 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

1 შემთხვევაში გამოვლინდა პროვაიდერში პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საგადასახადო პროვაიდერი „ფასტფეი“ 2018 წელს არის რეგისტრირებული. დოკუმენტის თანახმად, კომპანიის 33.33%-იანი წილები 3 ადამიანზე, ლაშა ბანძელაძეზე, ალექსანდრე ღვინეფაძესა და დანიელ რატიანზეა გადანაწილებული. რეესტრის მიხედვით, „ფასტფეის“ დირექტორია მარიტა კაჭახიძე.

ნინი ქეთელაური