ვენეცია ერთდღიანი ტურისტებისთვის გადასახადს აორმაგებს

ვენეციაში ერთდღიან ტურისტულ ვიზიტებზე გადასახადი იზრდება. 2025 წლიდან ტურისტები ნაცვლად 5 ევროსი, 10 ევროს გადაიხდიან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მერიაში სტუმრების დიდი რაოდენობას ასახელებენ და იმედოვნებენ, რომ ამით ისტორიულ ადგილებს გადაჭარბებული ტურისტებისგან დაიცავენ.

აღნიშნულ გადასახადს უკვე იხდის ყველა ტურისტი, ვინც ძველ ქალაქში ერთი დღით ჩადის. წელს ეს გადასახადი მოქმედებდა 29 დღის განმავლობაში, რომელიც ყველაზე დატვირთულად ითვლება ვენეციაში.

ერთდღიან ტურებზე 10 ევროს გადასახადის აკრეფა 2025 წლის 18 აპრილიდან დაიწყება. გადასახადი იმოქმედებს პარასკევს, ასევე შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში - 27 ივლისამდე, სულ 54 დღის განმავლობაში. საფასურის გადახდა საჭირო იქნება პიკის საათებში - 8:30 საათიდან 16:00 საათამდე.

ტურისტებს, რომლებიც ამ გადასახადს არ გადაიხდიან, 300 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.

გადასახადის გადახდა არ მოუწევთ ადგილობრივ მოსახლეობას, სტუდენტებს და 14 წლამდე ბავშვებს.

როგორც Europulse-ი წერს, წელს ტურიზმზე გადასახადმა ქალაქის ბიუჯეტს 2 მილიონი ევრო დამატებითი შემოსავალი მოუტანა. თუმცა მიუხედავად ამ გადასახადისა, ქალაქში ჩასვლის მსურველთა რაოდენობა, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, არ შემცირებულა.

აღსანიშნავია, რომ 55-ათასიანი ვენეცია ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტს იღებს. ხალხი ტოვებს ნაგავს ვენეციაში, ჭარბი ტურიზმი ასევე ზრდის ხმაურის დონეს. ეს ყველაფერი არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ზიანს აყენებს ქალაქის კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას.

ვენეცია ​​დიდი ხანია ცდილობს გადაარჩინოს ქალაქი მილიონობით ტურისტის მიერ გამოწვეული ნგრევისგან. მაგალითად, წელს ქალაქმა ტურისტული ჯგუფების რაოდენობა 25 კაცამდე შეზღუდა.