ქირა წლიურად 9%-ით გაიაფდა - როგორია უძრავი ქონების ფასების დინამიკა

2024 წლის სექტემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 430 შეადგინა, რაც 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 14%-ით და გასული თვისას 9%-ით აჭარბებს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათი შეფასებით, ტრანზაქციების ზრდა ძირითადად გამოწვეულია დაბალი საბაზისო ეფექტით.

რაც შეეხება ფასებს, „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, სექტემბერში გასაყიდი ღირებულება 1 244 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ 6%-იან და თვიურ ჭრილში 1%-იან ზრდას შეადგენს.

ამასთან, კვლევის ავტორების ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში გასაქირავებელი ფასი 11.4 დოლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით 9%-ით, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, ბაზრის მოცულობამ 278 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 23%-იანი ზრდაა. ამასთან, 2024 წლის სექტემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.6%-ს გაუტოლდა.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 962 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 9%-ით ჩამორჩება წინა წლის ამავე პერიოდს.

ნინი ქეთელაური