სამეზობლო ინტერესები, ხედის გაუარესება, მშენებლობის შედეგად დაზიანებული საცხოვრებლები, მშენებარე კორპუსის მომიჯნავედ არსებული ქონების გაუფასურება - ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რომლის საფუძველზეც მოქალაქეები სასამართლო დავებს ყველაზე ხშირად მიმართავენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად ხშირად მიმართავენ მოქალაქეები მშენებლობის პრობლემების გამო სასამართლო დავებს და აღნიშნულის შესახებ სამშენებლო სამართლის სპეციალისტ უჩა ზაქაშვილს ვესაუბრეთ.
„ვერ ვიტყოდი, რომ სამშენებლო კუთხით მოქალაქეების საჩივრები გაზრდილია. ეს ნაწილობრივ გამომდინარეობს იქიდან, რომ თბილისში მჭიდროდ დასახლებული ადგილები, ფაქტობრივად, სრულად განაშენიანებულია. მცირდება თბილისში ახალათვისებული სივრცეები მსხვილი სამშენებლო პროექტებისთვის, აქედან გამომდინარე, ეს დავებზე შემცირების კუთხით აისახება.
სამეზობლო დავები ძირითადად არის შემდეგი მიზეზებით: როცა ხდება ჩაშენება, სამეზობლო ინტერესები ზოგადად, ხედის დაფარვა, მომიჯნავე ქონების გაუფასურება ან დაზიანება მშენებლობის შედეგად. სასამართლოების გადაწყვეტილება ძირითადად მომჩივნების სასარგებლოდ წყდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია ზიანის არსებობა, პირდაპირი რყევების შედეგად ბზარები და ა.შ. ხედის გაუარესების, ქონების გაუფასურებისა და მსგავსი ტიპის დავებს დიდი პერსპექტივა [მომჩივანთა სასარგებლოდ] არ აქვს ქართულ სასამართლო პრაქტიკაში,“ - აღნიშნავს იურისტი.
როგორც ზაქაშვილი განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ქონების გაუფასურების შესახებ ჩივიან. მისი თქმით, არის რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც სასამართლო მომჩივანთა სასარგებლოდ წყვეტს დავას, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა.
„სასამართლოში სამშენებლო დავებთან დაკავშირებით საინტერესო ტენდენციაა ფუნქციური ზონის შეცვლის შედეგად გამოწვეული გაუფასურება. თბილისს გენერალური გეგმა დამტკიცებული აქვს, რომლის მიხედვითაც, ის ტერიტორიები, რაც იქამდე იყო სამშენებლო ზონა, გახდა რეკრეაციული და აიკრძალა იმ ტერიტორიაზე მშენებლობა.
ასეთი ტიპის მესაკუთრეები, ცხადია, განიცდიან მიწის ნაკვეთის მკვეთ გაუფასურებას, იქიდან გამომდინარე, რომ პირობითად გუშინ შეეძლოთ მშენებლობა და დღეს აღარ შეუძლიათ. ასეთ დროს მიწის საბაზრო ფასები დრამატულად მცირდება.
ასეთი ტიპის მესაკუთრეებისგან გვაქვს დავები სასამართლოში, მოთხოვნილია ხოლმე ამ გაუფასურების დაკომპენსირება. მსგავს შემთხვევებში სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება მომჩივანთა სასარგებლოდ მიიღო და მუნიციპალიტეტს კომპენსაციის გადახდა დააკისრა, თუმცა მცირე რაოდენობით არის მსგავსი შემთხვევები.
კიდევ ერთი საკითხია ის, რომ მოქალაქეების ნაწილმა დავები ხანდაზმულობის ვადების დარღვევით დაიწყო. ხანდაზმულობა ამ ტიპის დავებს 3 წლით აქვს. სამოქალაქო კოდექსიდან ხდება ამ ნორმის გამოყენება, იმიტომ, რომ არ გვაქვს სამშენებლო სამართალში სპეციალური ნორმები,“ - განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.