„ასოციაციასთან და ჩვენს კომპანიებთან კავშირზე გამოვიდნენ ჩინელი მწარმოებლები, ორჯერ იყვნენ ჩამოსულები საქართველოში. ძირითადად, დაინტერესებულნი არიან ელექტრომობილების შემოყვანით“,- ამის შესახებ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ bpn.ge-სთან ისაუბრა.
მისი თქმით, ჩინელი ავტომწარმოებლები ასე მალე რეგიონის ათვისებას ვერ შეძლებენ, თუმცა სამომავლოდ, ეს გარკვეულ რისკებსაც ქმნის, იმ კუთხით, რომ საქართველო არის ავტოჰაბი და ჩვენს ბაზარს რა ბედი ეწევა, გაურკვეველია.
„ასოციაციასთან და ჩვენს კომპანიებთან კავშირზე გამოვიდნენ ჩინელი მწარმოებლები, ორჯერ იყვნენ ჩამოსულები საქართველოში. პირველად, შევახვედრეთ დიდი ლოჯისტიკურ კომპანიებს, იქიდანაც დაახლოებით 20 ავტომწარმოებელი იყო ჩამოსული. ძირითადად დაინტერესებულნი არიან ელექტრომობილების შემოყვანით. ადგილობრივ ბაზართან ერთად აინტერესებთ რეგიონის ქვეყნებიც. შესაბამისად, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
თუმცა, აქ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ბაზარზე თავის დამკვიდრება, ამ ავტომობილების რეკლამირება, ჩვენ გარემო-პირობებთან ადაპტაცია და ა.შ. იმისთვის, რომ მომხმარებელმა გაიცნოს. ასე მარტივი არ არის, შემოვიდნენ და ბაზარი მაშინვე აითვისონ. ეს გარკვეულ რისკებსაც ქმნის, იმ კუთხით, რომ ჩვენ ვართ ავტოჰაბი და ჩინური ელექტრომობილების შემოსვლით, ჩვენს ბაზარს რა მომავალი აქვს?! ეს კითხვები გვაქვს.
რომ გითხრათ, რომ დღეს და ხვალ რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება ამ მიმართულებით, ვფიქრობ, არა. მით უფრო, რომ როგორც მსოფლიო ბაზარი გვიჩვენებს, ბენზინის ძრავიანი ავტომობილების ელექტროთი ჩანაცვლება და ზოგადად, მათზე მოთხოვნა იმ ტემპებით ვერ მიმდინარეობს, როგორსაც ვარაუდობდნენ“,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
აღნიშნულით ის ევროკავშირის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულ იმპორტის გადასახადს გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩინელი ავტომწარმოებლები, საქართველოს ბაზრით უკვე დაინტერესებულნი არიან.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ჩინური მანქანების იმპორტზე კომპენსატორული გადასახადი დააწესა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, გადასახადის მოცულობა 35.3%-ით განისაზღვრა და ის ძალაში 5 წლის განმავლობაში იქნება. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრომობილების ღირებულება, რომელიც უსამართლო სუბსიდიებით არის შექმნილი, ეკონომიკურ ზიანს აყენებს ევროკავშირის ელექტრომობილების მწარმოებლებს.
თავის მხრივ, ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ევროკავშირს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა.
იხილეთ ასევე:
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 133%-ით გაიზარდა - რა წილი მოდის ჩინურ მანქანებზე