სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ზურა ქადაგიშვილის მამულია. თბილისიდან წასულმა მარკეტოლოგმა 6 თვეში მამაპაპეულ მამულში საოცარი ამბები მარტომ დაატრიალა. ახლა საკუთარ თავს ხუმრობით რობინზონ კრუზოს უწოდებს, ეგ არის, რომ ზღვა არა მაქვს, აი, პამიდორი კი საკმარისადო. როგორ გადაიქცა ჩანაფიქრი რეალობად, ამის შესახებ ზურა ქადაგიშვილი მოგვითხრობს.
ზურა ქადაგიშვილი:
- საკუთარი თავის გამოცდა, რეალიზება, ბიზნესის შექმნა მინდოდა და ჩემი პროფესიით არა სხვისი საქმის, არამედ საკუთარის განვითარება. ყველაფერი მიმართული უნდა ყოფილიყო ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად, თან ქაოსური თბილისიდან დისტანცირება, ბუნებასთან სიახლოვე, სიმშვიდეც არ არის ურიგო.
- თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ხართ, პროფესიული გამოცდილებაც გაქვთ, მაგრამ მამა-პაპის მიწას დაუბრუნდით...
- მამა-პაპის მამულში დავბრუნდი და ეკოქიზიყს ჩავუყარე საფუძველი - ჩემს პროექტს ასე დავარქვი. ერთ ნაკვეთზე ადრე ბაღჩა იყო, რომელსაც ბებია და პაპა ამუშავებდნენ. ამ ნაკვეთის 20%-ზე ადრე დარგული ხეხილი დამხვდა. ბავშვობაში გარკვეულ დროს აქ ვატარებდი და ის დღეები გონებაში ტკბილად მქონდა ჩაბეჭდილი. მათი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გული სულ აქეთ მომიწევდა. ჩემი ჩანაფიქრის შესახებ მშობლებსა და მეუღლეს ვუთხარი. მერე სამი თვის განმავლობაში თითქმის ღამეები არ მეძინა - ვფიქრობდი, რა და როგორ დამეწყო. მეუღლის მხარდაჭერა მქონდა - მიხვდა ჩემს სულისკვეთებას, რა მამოძრავებდა. მაღაროში 2 აპრილს ჩამოვედი და შევუდექი საქმეს. ფაქტობრივად, ცარიელი ადგილი იყო, სადაც მხოლოდ ხეხილი იდგა. აქაურობა ჯუნგლებს ჰგავდა - არანაირი ცივილიზაცია და კომუნიკაცია. წინასწარ ვიზრუნე ელექტროენერგიასა და წყალზე, შემდგომ კი შიდა პერიმეტრზე თვითონ დავქსელე.
- ამ დროს სად ცხოვრობდით?
- ჩემი ბიძაშვილი სახლობს აქ და 10 ღამე მას შევეფარე. ზუსტად მაგ დროს ავაშენე 9 კვმ-იანი საცხოვრებელი ფართობი, რომლის ღირებულება 600 ლარს არ აღემატება. თავიდან მიწაზე "პადდონები" (პალეტი, იგივე ქვეში. - რედ.) დავაწყვე, შემდეგ ხის კარკასი ავაშენე, მთლიანად ცელოფანი გავაკარი, ბოლოს კი ყველაფერი ჩიხით (ჩალა კახურ დიალექტზე. - რედ.) მოვაპირკეთე, რაც ბუნებაში მოვიპოვე, ხელმისაწვდომი იყო და გარემო არ დამიზიანებია. შიგნით, სივრცეში, პალეტებზე 9 კვმ კარავი ჩავაშენე, იატაკზე ლინოლეუმი დავაფინე, ზემოდან - ხალიჩა. პალეტებისგან საწოლები და კომპიუტერის მაგიდა შევქმენი. არ მაწუხებს ნესტი, მწერები, სითბო და სისუფთავეა. ამ საქმეში ჩემი ბიძაშვილი მეხმარებოდა. მერე სველი წერტილიც გავაკეთე... ამ 6 თვეში აქ თუკი რამე აშენდა და გაკეთდა, 20 დღე გამოდის, როცა სხვადასხვა საქმეში ხელი წამახმარეს, დანარჩენი მარტომ გავაკეთე.
- ფიზიკური შრომა, პამიდვრის მოყვანა, მენეჯმენტი, სოციალური სივრცის მართვა - ყველაფერს მარტო უძღვებოდით?
- კი და დღემდე ასეა. გაკვირვებული მიყურებდნენ, ვერ იგებდნენ, რატომ ვწვალობდი, რა მინდოდა. კახურად ამბობდნენ, ვერ გავიგეთ, ეს პატარა ბიჭი რითვინ გამაიქცა ქალაქიდან, რა კურდღლის გალია, რი ბოსტანი, რა წვეთოვანი სისტემა, რი პამიდორი მაინდომაო?!... გააგრძელეთ კითხვა