საქართველოში ძვირად ღირებულ ტანსაცმელს აღარ ყიდულობენ

მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ტანსაცმლის ბიზნესს აშკარად დაეტყო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მომხმარებელი მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა მაღაზიების საშუალო და წვრილმა სეგმენტმა, ხოლო მეორადი ტანსაცმლის ბაზარი საგრძნობლად გააქტიურდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაღაზიებსა და ბუტიკებში სტაბილურობის შენარჩუნებას სეზონური ფასდაკლებებით და სხვადასხვა წამახალისებელი აქციით ახერხებენ. ბოლო დროს პოპულარული გახდა იაფი ტანსაცმლის შეძენა სოციალური ქსელების საშუალებით. ახალთან ერთად, ინტერნეტში ხშირად არის წარმოდგენილი მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლის ყიდვა მომხმარებელს 5 ლარიდან შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტანსაცმელზე ფასმა დაიწია, ძვირად ღირებულის მიმართ მოთხოვნა ნაკლებად ან თითქმის არ არის.

რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა იაფი და საშუალოფასიანი ტანსაცმლის სეგმენტში. ასეთ მაღაზიებში ხალხმრავლობა ხშირია. რამდენიმე ცნობილი ბრენდის მიერ წამოწყებულმა აქციამ, რომ ტანსაცმელი მომხმარებლისთვის იაფად შეეთავაზებინათ, გაყიდვაზე არნახული გავლენა მოახდინა. ამ რამდენიმე დღის წინათ სავაჭრო ცენტრი "ევრობრენდი" რიგს ვერ აუდიოდა იმის გამო, რომ იქ ერთ-ერთმა ბრენდმა მყიდველს მთელი კოლექცია 10 ლარად შესთავაზა.

მსგავსი ღონისძიებები ზოგიერთი მაღაზიისთვის ერთადერთი საშუალებაა, რომ მომხმარებელი მოიზიდოს. ზოგიერთს, მაგალითად, "მალსს" ფასდაკლება სულაც არ სჭირდება, რადგან წარმოდგენილი ტანსაცმელი ისედაც მიზერულ ფასში იყიდება. როგორც ჩანს, მაღაზიის შეღავათიანი ფასი მყიდველს დიდ სტიმულს აძლევს.

"დაბალი ფასის გამო, მაღაზიას ფასდაკლება ან სხვა წამახალისებელი აქციები არ სჭირდება. მყიდველი აქ ფასდაკლების გარეშეც აქტიურობს. შედარებით იაფფასიანი თურქული პროდუქცია კარგად იყიდება და ამ პროცესზე შეზღუდვა საერთდ არ შეიმჩნევა. ჩვენთან ყველა სახის სამოსი 5-150 ლარის ფარგლებშია, გაყიდვას არ ვუჩივით. არსებული ფასი დარჩება დიდი ხნის განმავლობაში, გაძვირებას არ ვაპირებთ, პირიქით, გვინდა ჩამოვაფასოთ შედარებით ძვირიანი პროდუქცია", - აცხადებენ "მალსში".

სიიაფის გამო მომხმარებელი შეინარჩუნა მაღაზია "მერლინმაც ", რომელსაც კლიენტურა თითქმის ყველა სეზონზე ჰყავს.

ერთბაშად გაზრდილია დიდი მოთხოვნა მეორადი ტანსაცმლის მიმართაც.

შეიძლება ითქვას, ეს ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ საქმიანობად მიიჩნევა. მომხმარებელს ასეთი ნაწარმის შეძენისას აქცენტი, ძირითადად, ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე აქვს. რაც დრო გადის, ფასი მეორად საქონელზე იზრდება და ბოლო 4-5 წლის განმავლობაში დაახლოებით 30-40 პროცენტითაა გაზრდილი, ზოგ შემთხვევაში, მეტითაც. მეორადი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საბითუმო ღირებულება, როგორც წესი, კილოგრამობით განისაზღვრება და სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს. ყველაზე მაღალი, ა კატეგორიის 1 კგ ტანსაცმელი 60-100 ლარი ღირს, შედარებით დაბალი, ბ კატეგორიის - 40-50 ლარი, ხოლო გ კატეგორიის ამავე მოცულობის ტანსაცმლის საბითუმო ფასი 15-35 ლარის ფარგლებშია.

ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ თავის დროზე მეორადმა ტანსაცმელმა მყიდველი სიიაფით მიიზიდა და ცალკე სეგმენტად ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ "მეორადს" ყიდულობს. გაზრდილი ხარჯის მიუხედავად, მეორადი ტანსაცმლის სეგმენტმა მომხმარებელი შეინარჩუნა. "მეორად ბიზნესშიც გართულდა მდგომარეობა. რის ვაივაგლახით ვახერხებთ მომხმარებლის შენარჩუნებას, გაზრდილი ფასი ხალხს აფრთხობს, თუმცა საბოლოო არჩევანს მაინც ამ კატეგორიის ტანსაცმელზე აკეთებენ. ბაზრობაზე ვმუშაობ, ქვითრის ფულის გადახდა მიწევს ყოველდღიურად, რაც დიდი ხარჯია. ცალკე, ტანსაცმლის საბითუმო ღირებულებაა მომატებული. მეტი პრობლემაა და მინიმალური მოგება გვრჩება. ადრე კი ამ ბიზნესით დიდი ფულის შოვნაც შეიძლებოდა," - ამბობს ციური კალმახელიძე, გლდანის ბაზრობის მოვაჭრე.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ძვირად ღირებული ტანსაცმლის რეალიზაცია ჭირს, ფალისიფიკაციაა, რაზეც მუდმივად არის საუბარი. სავაჭრო სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით, ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის გაყიდვას მნიშვნელოვნად აფერხებს ფალსიფიკაცია. ადგილობრივ ბაზრობებზე გაცილებით იაფად თითქმის ყველა "ბრენდის" ტანსაცმელი იშოვება და ორიგინალთან შედარებით, მიზერულ ფასად იყიდება.

ბაზრობებზე ყველაზე ხშირად წარმოდგენილია "ადიდასის", "პიერ კარდენის", "ლევისის", "ნაიკის", "ბენეტონის" და სხვა ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებული პროდუქცია, ხოლო საფასო სხვაობა 250-300 ლარს უტოლდება. სპეციალისტების ინფორმაციით, ბაზრობებზე ფალსიფიცირებული პროდუქციის 50%-ის რეალიზება ხდება, რაც ცხადყოფს, რომ პრობლემა საკმაოდ მწვავეა და მომხმარებელი დაუცველია ზარალისგან. გარდა ამისა, ფალსიფიკაცია დიდ დარტყმას აყენებს ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლებს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"