მოცვის ბაღი 15 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, ძირითადად საექსპორტო პროდუქციას ვაწარმოებთ - „აგროლია“

„15 ჰა ფართობზე გვაქვს გაშენებული მოცვის ბაღი, სადაც ძირითადად საექსპორტო პროდუქციას ვაწარმოებთ“, - ამის შესახებ „აგროლიას“ დირექტორი დავით ეხვაია აცხადებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთ „ჩვენი სოფელში“ ვკითხულობთ, რომ „აგროლიას“ ყოველწლიური მოსავალი 70-80 ტონას უტოლდება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „აგროლია“ ძირითადი საქმიანობა მოცვის წარმოებაა. ჩვენ 15 ჰა ფართობზე გვაქვს გაშენებული მოცვის ბაღი, სადაც ძირითადად საექსპორტო პროდუქციას ვაწარმოებთ. მოცვის მოსავალი, ყოველწლიურად, დაახლოებით 70-80 ტონამდეა და ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ავაშენეთ შემნახველ-სამაცივრო საწარმო. გარდა ამისა, სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერით გავაშენეთ მოცვის ბაღებიც“, - აღნიშნავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „აგროლია“ დირექტორი დავით ეხვაია.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში 4 953 ტონა ქართული შტოშისა და მოცვის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა 27.8 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია. უფრო კონკრეტულად, გასული წლის იმავე პერიოდში ექსპორტზე გავიდა 3 401 ტონა 20.5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მოცვი და შტოში.

მერი ტაბატაძე