„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დსთ-ს დაუბრუნდება“ - დსთ-ს გენერალური მდივანი

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დსთ-ში დაბრუნდება, - ამის შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოების თანამეგობრობის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ლებედევი ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება სახელმწიფოების წამყვანი ელიტების გადაწყვეტილებებზე.

„დსთ-ს ქვეყნების მეთაურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თანამეგობრობაში დაბრუნების კარი ღიაა არა მხოლოდ ყოფილი წევრებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. სულ ახლახან ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო თანამეგობრობის ფარგლებში თანამშრომლობის ჩარჩოებს დაუბრუნდებიან. ამ იდეას მხარს ვუჭერ... ყველაფერი ამ სახელმწიფოების წამყვანი ელიტის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ლებედევმა.

ამასთანავე, Известия-სთან საუბარში პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ განაცხადა, რომ იმ ფონზე როდესაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, საქართველოს დსთ-ში დაბრუნება შეუძლებელია.

მერი ტაბატაძე