საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ გურგენიძე, ათენში, საბერძნეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბერძნეთში არსებულ ვითარებას და იმ პრობლემებს, რაც ფინანსური კრიზისის გამო საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ. მინისტრის მოადგილემ დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საბერძნეთში მცხოვრები ქართველების განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები, ისაუბრეს მათ სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ თემებზე. საქართველოს საელჩოსა და დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა, რომ მათ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, მათ შორის მოხდება თემატური განხილვის ორგანიზება და სხვადასხვა საკითხებზე დიასპორის წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთის რესპუბლიკაში 2 ივლისს გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა, ქართული დიასპორის საჭიროებების შესწავლა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფაა.

ვლადიმერ გურგენიძე ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გეორგიოს ციპრას. დღეს მინისტრის მოადგილე სალონიკს ეწვევა, სადაც ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და გაეცნობა სალონიკში გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებას.