ცეცხლის რკალში ვართ ფაქტობრივად და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, რომ მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი - აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როდესაც ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა არაესკალაციის პოლიტიკით არა მხოლოდ საქართველო იხსნა ეკონომიკურ კრიზისსა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტს, არამედ ევროპაც გადაარჩინა ეკონომიკურ პრობლემებს.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ბოლო 4 წლის განმავლობაში; ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რატომ დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა ამ პოლიტიკას. ამ არჩევნებმა და ამ რეფერენდუმმა სწორედ ეს დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი დგას ამ პოლიტიკის უკან - იმ პოლიტიკის, რომ არ დაწესდეს სანქციები, არ გაიგზავნონ მოხალისეები ომში, იმ პოლიტიკის, რომ არ შევიდეთ ესკალაციაში სხვა ქვეყნებთან ჩვენს გარშემო. გავიხედოთ გარშემო - ცეცხლის რკალში ვართ ფაქტობრივად და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, რომ მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი. არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის არის მშვიდობა, არამედ ეს მშვიდობა მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვისაც. დღეს საქართველო არის რეალური ხიდი და ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის, დღეს საქართველოზე გადის ყველა ეს ტვირთი, ამიტომ ამ მშვიდობით ვსარგებლობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამით სარგებლობენ სხვა ქვეყნები, თორემ აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როდესაც ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ. სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა თავისი არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინა არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ გადაარჩინა ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. 2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 6 ადგილით დაწინაურდა, 49 პოზიციაზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო.