5 ივლისს ინოვაციური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

თბილისში, ლესელიძის სკვერში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 5 ივლისს ინოვაციური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, დამწყები (Start-Up) კომპანიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FABLAB) დამზადებულ ნივთებს მომხმარებელს შესთავაზებენ.

"სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ჩატარებული "ინოვაციებისა და ინიციატივების მართვის" ტრენინგის კურსდამთავრებულებმა სხვადასხვა იდეების გარშემო გუნდები შექმნეს. მათ სხვადასხვა პროდუქტის ბიზნეს მოდელი ჩამოაყალიბეს. ახალგაზრდებმა იდეების განხორციელებისთვის ფინანსური რესურსები სააგენტოსგან დამოუკიდებლად მოიპოვეს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FABLAB) უნიკალური პროდუქტების შექმნაზე მუშაობენ. ღონისძიება ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს წარმატებული, ახალი კომპანიები შექმნან, ჰქონდეთ შემოსავლის მუდმივი წყარო და თანატოლები დაასაქმონ. გარდა ამისა ლაბორატორიის დახმარებით მეწარმეები იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას შეძლებენ", - აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, "ინოვაციებისა და ინიციატივების მართვის" ტრენინგის კურსდამთავრებულებთან ერთად 5 ივლისის გამოფენა-გაყიდვაში "Startup maratoni" მონაწილეები და აქსელერატორ "Startup Nest-ის" გუნდები ჩაერთვებიან. ღონისძიების ფარგლებში მათ შესაძლებლობა ექნებათ წარმოებული პროდუქტი დატესტონ და გაიგონ, თუ რამდენად არის ის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული.

მსურველები მონაწილეების მიერ შექმნილი, განსხვავებული პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენას 5 ივლისს 12:00-დან 20:00 საათამდე შეძლებენ.