GCCA-მ ორი წლის განმავლობაში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1300-მდე განაცხადი განიხილა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო(GCCA) მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით ორი წლის სტატისტიკას აქვეყნებს.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, GCCA-მ ორი წლის განმავლობაში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1300-მდე განაცხადი განიხილა.

მათივე ცნობით, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

„2022 წლის ნოემბრიდან, GCCA „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს აღასრულებს და ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში, საქართველოს ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

მიღებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქმეების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს - 70% ქალი და 30% მამაკაცი. მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

2022 წლის ნოემბრიდან - 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, ორი წლის მონაცემებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 1295 განაცხადი დაფიქსირდა.

აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 126 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 222 საქმეზე.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 304 საქმეზე - 219 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 55 მოვაჭრეს - 95 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 66 184ლარი.

მომხმარებლის სასარგებლოდ ანაზღაურდა 600 000 ლარამდე.

საანგარიშო პერიოდში, დარღვევა არ დადასტურდა 7 შემთხვევაში.

საანგარიშო პერიოდში, 70%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 14%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 442, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 417, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 119, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 70, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 63, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 59, ხოლო სხვა დანარჩენზე 125. რეგიონების მიხედვით, 82%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 5% და სხვა რეგიონები.

2024 წლის სექტემბერში, მსოფლიოს ბანკის მიერ GCCA გამარჯვებულად დასახელდა - მომხმარებლის უფლებების დაცვის, განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის მიმართულებით.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში ფიქსირდება წინსვლა და შესრულებულია ევროკომისიის 2023 წლის რეკომენდაციების ნაწილი. კერძოდ, ქვეყანაში არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge . დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.