„არ აქვს მნიშვნელობა თქვენი საკუთრებაა თუ არა - აღმასრულებელს აქვს უფლება მოვიდეს და ყველა აქტიური ქონება დააყადაღოს“

„არ აქვს მნიშვნელობა თქვენი საკუთრებაა თუ არა - აღმასრულებელს აქვს უფლება მოვიდეს და ყველა აქტიური ქონება დააყადაღოს“ - ამის შესახებ საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ადამიანის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება და არც საბანკო ანგარიში გააჩნია, აღმასრულებელს აქვს უფლება, მსესხებელი პირად აუდიენციაზე დაიბაროს და ძვირფასი ნივთი ჩამოართვას.

„თუკი ადამიანის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება და არც საბანკო ანგარიშის გამოყენების აუცილებლობა აქვს, ამ შემთხვევაში ერთადერთი საშუალება, რაც აღმასრულებელს გააჩნია და ამის გამოყენების პრაქტიკაც არ არსებობს, მაგრამ კანონით შესაძლებელია, რომ აღმასრულებელს შეუძლია დაგვიბაროს აუდიენციაზე, შეგვხვდეს და თუ ფიზიკურად შენიშნა, რომ გვიკეთია ფასეული ნივთები - ოქრო, ძვირფასი საათი და ა.შ. მას შეუძლია ეს ნივთები ჩამოგვართვას“ - აცხადებს იურისტი.

მისი თქმით, აუდიენციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი შესაძლებელია რეგისტრირებულ მისამართზე ნებისმიერი აქტიური ქონების დაყადაღება მოხდეს, იმის მიუხედავად თუ ვის საკუთრებაშია ის.

„თუ არ მივალთ აუდიენციაზე, ჩვენი ჩაწერის მისამართი არის ბოლო საშუალება აღმასრულებელისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ნაქირავებ ბინაში ვართ თუ შორეულ ნათესავთან ვცხოვრობთ, ის მოდის მისამართზე და ყველა აქტიურ ქონებას აყადაღებს- ტელევიზორს, კომპიუტერს, დივანს და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა ის თქვენი საკუთრებაა თუ არა. მაგალითად, თუ დაყადაღებული ტელევიზორი შეიძინა დედამ, მაცივარი - მამამ, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ დაყადაღებული ნივთების რეესტრიდან ამორიცხვა. ისინი ვალდებულები არიან საკუთრების უფლება დაადასტურონ. ასე შეიძლება გადარჩეს ეს საკუთრება და გაიმიჯნოს მოვალის ქონებიდან“ - აღნიშნა კაჭკაჭაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი